პარიზის მოტორ შოუზე, Opel-მა თავისი ახალი ავტომობილი, პატარა ელექტრომობილი Ampera-e წარადგინა, რომელიც საზოგადოებას კომპანის მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა კარლ-თომას ნოიმანმა გააცნო. გერმანული კომპანიის პავილიონის ვარსკვლავს, ერთი სრული დამუხტვით 500 კილომეტრის (NEDC – ახალი ევროპული მართვის ციკლით) გავლა შეუძლია. მართალია, ეს წინასწარი მონაცემია, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის 100 კილომეტრით მეტია სეგმენტში უახლოესი კონკურენტის მაჩვენებელზე.

Opel-მა თავისი სტენდი ურბანული ჯუნგლების სტილში გააფორმა, რითაც მიანიშნა, რომ თანამედროვე ქალაქებში, Ampera-e-ს ისეთივე ეფექტის მოხდენა შეუძლია, როგორიც ვთქვათ, ქალაქის ცენტრში ველური ტყის მცირე მასივის გამოჩენას. მინიშნება ავტომობილის ეკოლოგიურ სისუფთავეზეა და იმაზე, თუ როგორ შეიძება შეიცვალოს გარემო, თუ მომხმარებლები არჩევანს ელექტრომობილებზე გააკეთებენ.

opel-press-conference-paris-2016-302644

„თქვენს წინაშეა ჩვენი სრულიად ახალი Opel Ampera-e! დას ელექტროავტო. ელექტრომობილი ყველასთვის. Ampera-e-ს ელექტრულ გადაადგილებაზე ჩვენი წარმოდგენის შეცვლა შეუძლია, რადგან უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო. ესაა სვლის სიშორე. NEDC-ის წინასწარი მონაცემებით, მას ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია. და დამატებით მხოლოდ 30 წუთის დამუხტვით, კიდევ 150 კილომეტრს გაივლის. ამ ავტომობილს ევროპაში მომავალი წლის პირველ ნახევარში გამოვიტანთ“, – წარდგენისას განაცხადა ბატონმა ნოიმანმა.

მანვე დაამატა, რომ პარიზის შოუმდე, Ampera-e-მ ლონდონიდან პარიზამდე მანძილი – 417 კილომეტრი, ერთი დამუხტვით გაიარა. უფრო მეტიც, მოგზაურობის დასრულების შემდეგ, ელემენტები ბოლომდე დაცლილი არ იყო და მოტორ შოუზეც „თავისი ფეხით“ მივიდა. ამ დროს კომპიუტერი აჩვენებდა, რომ დარჩეინლი ენერგიით 80 კილომეტრის გავლა კიდევ იყო შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Ampera-e-ს ყოველდღიური სარგებლობის დროსაც შეუძლია 500 კილომეტრის გავლა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა ენიჭება მძღოლის მართვის სტილს და მოძრაობის რეჟიმს.

Ampera-e -ზე ელემენტების ბლოკი ძირზეა განლაგებული, რისი წყალობითაც, სალონში მეტი თავისუფალი ადგილი დარჩა. და იქ თავისუფლად მოთავსდება ხუთი ადამიანი. სალონის კომფორტულობით და ტევადობით, ეს პატარა ელექტრომობილი, კომპაქტური ხუთადგილიანი ავტომობილის დონეზეა.

Ampera-e-ს გარდა, Opel-მა პარიზის მოტორ შოუზე ასევე ახალი Opel Zafira, Opel MOKKA X და KARL ROCKS წარადგინა.

Zafira-ს დასახასიათებლად, გერმანული კომპანია ამ მინივენს ბორბლებზე მდგარ მისაღებ ოთახად მოიხსენიებს. ის ადაპტირებად შასი „ფლექსრაიდზეა“ აგებული და თამამი ექსტერიერით გამოირჩევა. ინტერიერი ფართოა და კავშირის ყველანაირი სისტემითაა ეკიპირებული. ასვე Zafira აღჭურვილია ადაპტირებადი წინა განათებით, რაც ამ კლასის ავტომობილებისთის სიახლეა.

MOKKA X არის თავის წინამორბედზე განიერი და უფრო მკაცრი გამომეტყველებით გამოირჩევა და როგორც რისუსელსჰაიმელები ამბობენ, აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ კლიენტების აბსოლუტური ფავორიტი გახდეს. ამ ავტომობილის სიამაყეა ოპციური ადაპტირებადი 4×4 სისტემა, რომელსაც ელექტრული, მრავალდისკოიანი ქურო ემსახურება.

და KARL ROCKS: ამ პატარა ავტომობილს, უგზოობის მოდელების ბევრი თვისება გააჩნია და გარეგნულადაც მათ ბევრი რამით ჰგავს. გაუმჯობესებული გარეგნობა, სალონში გაადვილებული შეღწევა, კავშირის სისტემები, KARL ROCKS-ის მთავარი თვისებებია. და მას სოლიდურობას 15-დუიმიანი ბორბლები სძენს.