დაახლოებით თვენახევრის წინ, გერმანულმა სატუნინგო კომპანია Novitec-მა თავის ისტორიაში პირველად, უგზოობის მოდელის საკუთარი ვერსია შექმნა. ბაზისად Maserati Levante გამოიყენა. ახლახანს Novitec-მა ამავე მოდელის კიდევ უფრო აგრესიული და ექსტრემალური ვერსია შეიმუშავა, რომელსაც Novitec Esteso უწოდა.

ახალი ავტომობილის ძრავი იგივე დარჩა, რაც წინა ვერსიის შემთხვევაში. ესაა 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6, რომელიც 494 ცხენის ძალას და 660 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სამაგიეროდ, ავტომობილს გარეგნობა რადიკალურად შეუცვალეს. მისი ძარის კიტ კომპლექტი რვა ნაწილისგან შედგება. მათი მეშვეობით, ავტომობილის წინა ნაწილი 10 სანტიმეტრით, უკანა კი 12.5 სანტიმეტრით გაგანიერდა. შედეგად, ავტომობილის სიგანემ 2 090 მილიმეტრს მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის Hummer H2-ზე განიერია!

ერთი დუიმით (2.54 სანტიმეტრი) დადაბლდა პნევმატური საკიდარი, რის შემდგაც, ავტომობილი ქროსოვერს კი არა, სპორტულ ფასტბეკს დაემსგავსა. Esteso ალუმინის 22-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომელთაგან წინების სიგანე 254 მილიმეტრია, უკანების კი – 288 მილიმეტრი. ბორბლების გაგანიერებული თაღების გარდა, სიახლეა წინა და უკანა სპოილერები, უკანა დიფუზორი, მცირე ჰაერის ამღები კაპოტზე და სხვა. ავტომობილი მქრქალი ლურჯ ფერად შეიღება. შეიცვალა ინტერიერიც.

აეროდინამიკის და აგრეგატის მოდიფიცირების შემდეგ, Novitec Esteso-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.8 წამი ჰყოფნის. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 275 კილომეტრს აღწევს. ამგვარად, ის Porsche Cayenne-ის ვერსიებს, GTS-სა და Turbo-ს შორისაა.