სკანდინავიური ქვეყნის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს საგადასახადო პრინციპი – „ჰაერის დამაბინძურებელი იხდის“. ამ მიმართულებით, ქვეყანაში 2025 წლისთვის აღარ გაიყიდება დიზელის და ბენზინის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. იმავდროულად, გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე.

ნორვეგიის მთავრობა თვლის, რომ სწორი პოლიტიკური ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელი გახდება, რომ ახალი ავტომობილების ბაზარზე, ყველა ავტომობილი მცირე (პლაგ-ინ ჰიბრიდები), ან ნულოვანი (ელექტრომობილები) გამონაბოლქვისა იყოს.

სწორი პოლიტიკური ღონისძიებები გულისხმობს „მწვანე“ საგადასახადო სისტემის შემუშავებას, რომელიც მყიდველს სუფთა ტრანსპორტის შეძენის სურვილს სტიმულს მისცემს და ორგანულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ათქმევინებს. მაგრამ რაც მთავარია, მთავრობა არც ფიქრობს შიდაწვისძრავინი ავტომობილების აკრძალვას.

ლიზინგის შემთხვევაში, ელექტრომობილებით მოსარგებლე ნორვეგიელები გადასახადბისგან თავისუფლები არიან. გარდა ამისა, ელექტრომობილებს ავტობუსების ზოლში მოძრაობის უფლება აქვთ. უფრო მეტიც, ფასიანი გზებით და ბორნებითაც უფასოდ სარგებლობენ. შიდაწვისძრავიან ავტომობილებს კი მალე იმის მიხედვით დაბეგრავენ, თუ რა მოცულობით ნახშირორჟანგს და აზოტის ოქსიდებს გამოჰყოფენ.

ნორვეგიას კიდევ ერთი ამბიციური გეგმა აქვს: 2020 წლისთვის ყოველ 10 ელექტრომობილზე, ქვეყანაში მინიმუმ ერთი დასამუხტი წერტილი უნდა მუშაობდეს. ეს ნორმა, ევროპის სუფთა ძრავების მქონე ტრანსპორტის განვითარების დირექტივას შეესაბამება.

ცნობისათვის, ნორვეგიაში 2015 წელს ახალი ავტომობილების ბაზრის 22 პროცენტი ელექტრომობილებზე მოდიოდა, მომდევნო სამ წელიწადში კი ეს მაჩვენებელი 30 პროცენტამდე გაიზრდება. ამ შემთხვევაში, ქვეყანაში ელექტრომობილების რიცხვი 250 000-ს მიაღწევს. ამიტომ, დასამუხტი წერტილების რიცხვი 25 000-მდე უნდა გაიზარდოს.