უახლესმა ამერიკულმა კომპანიამ, სახელად Nikola Motor (Tesla-ს მსგავსად, ეს სახელიც ფიზიკოს ნიკოლა ტესლას პატივსაცემად არის შერჩეული), ცოტა ხნის წინათ, ელექტრული სატვირთო გამწევის პროექტი წარმოადგინა, რომელიც ძალიან დახვეწილი აეროდინამიკით და რა თქმა უნდა, თავისი ელექტრული ძალური დანადგარით არის გამორჩეული.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ამ ავტომობილის პირველი სამუშაო პროტოტიპის წარდგენა 2 დეკემბერს არის დანიშნული. ღონისძიება სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება. სხვათა შორის, თავიანთი ელექტრული ნახევრად სატვირთო ავტომობილების შემუშავებას Mercedes-Benz-ი და Tesla Motors-იც აპირებენ, თუმცა მათ პრემიერის თარიღები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.

2016-nikola-one-2

Nikola One-ის დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ტრევორ მილტონი ამბობს, რომ მისი კომპანიის სატვირთო გამწევი, ამ კლასის ავტომობილების ინდუსტრიაში, „წმინდა გრაალის“ როლს შეასრულებს. ამასთან, მან სხვა კომპანიების მიერ დაგეგმილი სიახლეები თავის მომავალ დებიუტანტს შეადარა: „სხვა კომპანიებს უკვე გამოცხადებული აქვთ, რომ ნახევრად სატვირთო ელექტრულ ავტომობილებს გამოუშვებენ. მაგრამ ამ ავტომობილებს შეზღუდული სვლის სიშორე აქვთ და მათს სრულ დამუხტვას ოთხიდან რვა საათამდე სჭირდება. Nikola-მ კი გამწევების ინდუსტრიის წმინდა გრაალი შეიმუშავა. ჩვენთვის უცნობია ისეთი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე გამწევი, რომელსაც 80 000 გირვანქა (36 287 კგ) ტვირთის გაწევა შეუძლია 1 000 მილზე (1 609 კილომეტრი) და ამას გაუჩერებლად გააკეთებს. Nikola One-ს კი სულ 15 წუთით გაჩერება ეყოფა იმისათვის, რომ ტვირთთან ერთად, შემდგომი 1 000 მილი შეუჩერებლად გაიაროს“.

Nikola Motor-ის გამწევს ექვსი ელექტრო ძრავი მოემსახურება. ყოველი მათგანი თითო ბორბალს მოემსახურება. გარდა ამისა, ავტომობილი აღიჭურვება ბუნბრივ გაზზე მომუშავე ძრავით, რომელიც გზაზე ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს და ამით, ავტომობილის სვლის სიშორეს გაზრდის. ექვსი ძრავის ჯამური სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალას მიაღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 5017 ნიუტონმეტრს. ამ აღჭურვილობით, სრულად დატვირთული ავტომობილი, ადგილიდან ასის აკრეფას იმ დროის ნახევარში შეძლებს, რაც იმავე აჩქარებისთვის, იმავე კლასის დიზელისძრავიან გამწევებს შეუძლია.

მილტონი ამბობს, რომ მის კომპანიას უკვე 7 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული, რომლის ჯამური ფასიც 2.3 მილიარდ დოლარზე მეტია.