ჩინური კომპანია NextEV ჰიპერ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც კონკურენციას თვით McLaren P1-ს და Ferrari LaFerrari-ს გაუწევს. ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც მეგავატს, ანუ 1 360 ცხენის ძალას მიაღწევს. ეს ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“ კომპანიის შეფმა მარტინ ლიჩმა მიაწოდა.

NextEV ჩინური კომპანია კი არის, მაგრამ ტექნიკური ცენტრი მიუნხენში აქვს და თავის პირველ ჰიპერ ავტომობილსაც იქ ქმნის. თავისი ავტომობილის კონსტრუქციაში, NextEV იმ სარბოლო ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებითაც ფორმულა Е-ს კლასის ღიაბორბლიანი სარბოლო ბოლიდებია შექმნილი. თავად NextEV ამ სერიაში საკუთარი გუნდით ასპარეზობს.

ლიჩი ამბობს, რომ ჰიპერ ავტომობილის პრემიერა ევროპაში წელს გაიმართება. ოღონდ როდის და კონკრეტულად რომელ ქვეყანაში, ამას არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ავტომობილი დაახლოებით ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგი ეღირება, ანუ ახლანდელი კურსით, 1.3 მილიონი დოლარი.

NextEV რამდენიმე მოდელის გამოშვებას გეგმავს, ჰიპერ ავტომობილი კი მისი ერთგვარი განაცხადი, იმის დემონსტრირება იქნება, თუ რა შეუძლია კომპანიას. მართალია, თავისი პირველი მოდელის პრემიერას ევროპაში გამართავს, მაგრამ კომპანიის ძირითადი ბაზარი ჩინეთი იქნება. იქ ფეხის მოკიდების შემთხვევაში კი ცისქვეშეთის საზღვრებსაც გასცდება.

NextEV 2014 წელს ჩამოაყალიბა ჩინელმა ინტერნეტ მაგნატმა უილიამ ლიმ. მან თავის კომპანიას სათავეში თავიდანვე ლიჩი ჩაუყენა, რომელიც მანამდე Ford-ში, Maserati-სა და Mazda-ში მუშაობდა. ჩინურ კომპანიაში გადასვლამდ ის ცისფერი ოვალის ევროპული შტოს ხელმძღვანელი იყო.