ოთხმოცწლიანი ტრადიციის შესაბამისად, „ოპელი“ თავის ახალ კომპაქტურ მოდელს ფრანკფურტის საერთაშორისო მოტორ შოუზე წარადგენს. ლაპარაკია უახლესი თაობის „ასტრაზე“, საზოგადოებას კი მას თვით კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-თომას ნოიმანი (ფოტოზე ახალ ასტრასთან ერთად) გააცნობს. ამ ეტაპზე, ახალი „ასტრა“ კამუფლირებულ ფორმაშია, როგორც შემუშავების პროცესში მყოფ ავტომობილს შეეფერება, თუმცა დოქტორი ნოიმანი გვპირდება, რომ სიახლე არამხოლოდ „საოცარი დიზაინით“, არამედ უბადლო ეფექტურობით და სიახლეების სიჭარბითაც მოგვხიბლავს.

ახალი „ასტრა“, გერმანული კომპანიის მე-11 თაობის კომპაქტური ავტომობილია. როგორც ნოიმანი ამბობს, ის სუფთა ფურცლიდან შეიქმნა. საბოლოო პროდუქტი კი რევოლუციური ავტომობილია, რომელიც წინამორბედზე ყოველმხრივ უკეთესია. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს ინტერიერის მოწყობის ეფექტურობა. მართალია, ავტომობილის გარე გაბარიტები შემცირდა, მაგრამ სალონის შიდა სივრცე გაზრდილია.

გარდა ამისა, ინჟინრებმა წონის მნიშვნელოვან შემცირებასაც მიაღწიეს. ამის წყალობით, ავტომობილი გახდა უფრო სხარტი და რაც მთავარია, ეკონომიური. ახალ ავტომობილს ამ თვისებებს ასევე უახლესი ძრავებიც ანიჭებს. დოქტორ ნოიმანის თქმით, ახალი „ასტრას“ ძრავების გამაში, მხოლოდ უახლესი თაობის ძრავები შევა.

„ოპელს“ კომპაქტური მოდელები – „კადეტი“ და „ასტრა“, უკვე 24 მილიონი აქვს გამოშვებული. ნოიმანის თქმით, „კადეტი“ ის ავტომობილია, რომელმაც გადაადგილების ინდივიდუალური საშუალება მილიონობით ადამიანისთვის ხემისაწვდომი გახადა. „ასტრას“ რამდენიმე თაობაზე კი ის ტექნოლოგიები დაინერგა, რომლებიც მანამდე უფრო მაღალი სეგმენტის მოდელებზე გამოიყენებოდა.

მისივე თქმით, ყოველი შემდგომი თაობის „ასტრა“, მყიდველს უფრო მეტი უსაფრთხოებით, კომფორტით და ეფექტურობით იზიდავს. და ახალი „ასტრა“ ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება. ის გახდება „ოპელის“ პირველი ავტომობილი, რომელიც „ოპელ ონსტარის“ კავშირის სისტემით არის აღჭურვილი. ამ სისტემის დანიშნულება, ავტომობილის მფლობელის დახმარება და შველაა და ის მუდმივად ჩართული იქნება.