Nissan-მა წარმოებისთვის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილ Leaf-ის მეორე თაობა მოამზადა. ახალი ავტომობილი სვლის გაზრდილი სიშორით, უფრო დახვეწილი გარეგნობით და ბევრი სიახლით გამოირჩევა, რამაც მისი პოპულარობის კიდევ უფრო ზრდა უნდა გამოიწვიოს.

ახალი Leaf-ის სვლის რეინჯი 240 კილომეტრია, რაც დაახლოებით 70 კილომეტრით მეტია პირველი თაობის მოდლის სვლის მანძილზე. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ ქალაქის საშუალო მაცხოვრებელმა, რომელიც მანქანით ყოველდღიურად სამსახურში და უკან დადის, რამდენიმე დღე იმყოფინოს. გარდა ამისა, ახალი Leaf-ი უფრო სწრაფადაც იმუხტება. 240-ვოლტიანი მოწყობილობით დამუხტვისას, ერთ საათში იმდენ ენერგიას იმატებს, რაც 35 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.

ახალი Leaf-ი აღიჭურვა ელექტრო ძრავით, რომელიც 150 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. შედარებისთვის, პირველი მოდელის ელექტრო ძრავის შესაბამისი მონაცემები 109 ცხენი და 280 ნუტონმეტრია. ახალი აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 144 კილომეტრს აღწევს.

ძრავის მუშაობას მძღოლი აკონტროლებს e-პედლით, რომელიც ერთდროულად აჩქარებასაც და შენელებასაც ემსახურება. მეორე შემთხვევაში, როგორც კი მისგან ფეხს აიღებთ, ელექტრო ძრავი რევერსული მიმართულებით, გენერატორის რანგში იწყებს მუშაობას და შენელების გარდა, ენერგიასაც აგროვებს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია ნახევრად ავტონომიური სისტემით ProPilot, რომელიც ამ ეტაპზე, დამხმარე და უსაფრთხოების სისტემების როლს ითავსებს. ის ავტომობილს მუდმივად ზოლის შუაში ტოვებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, სიჩქარე 30-144 კმ/სთ-ის დიაპაზონში „შეუკვეთოთ“ და მას არ გადაუხვევს. თუ წინ მიმავალი ავტომობილი ჩერდება, მაშინ Leaf-იც გაჩერდება. უფრო მეტიც, სისტემას მკვეთრი დამუხრუჭებაც შეუძლია. თუ წინ გაჩერებული ავტომობილი სამ წამზე ნაკლებში ისევ დაიწყებს მოძრაობას, ProPilot-იც თავისით დაძრავს „ლიფს“. უფრო ხანგრძლივი პაუზის შემთხვევაში, აქსელერატორის საფერფულზე ფეხით მსუბუქად შეხებაც საკმარისია და ProPilot ისევ გააქტიურდება.

იაპონიის ბაზარზე ახალი Nissan Leaf-ის გაყიდვა 2 ოქტომბერს დაიწყება. ევროპაში, ამერიკაში და სხვა ბაზრებზე კი ეს ელექტრომობილი მომავალი წლის დასაწყისში შევა. იაპონიაში მისი საბაზო ფასი 3.15 მილიონი იენია, ამერიკაში კი 29 990 დოლარი ეღირება.