პარიზში საავტომობილო შოუ გაიხსნა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ავტომწარმოებელი არ ესწრება, არაერთი საინტერესო ექსპონატით გამოირჩევა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ელექტრომობილების და ავტონომიური ტექნოლოგიების სიმრავლე, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, Ferrari-მ შემოგვთავაზა.

LaFerrari Aperta – ასე ჰქვია მის ახალ ავტომობილს, რომელიც ახალი იმითაა, რომ სახურავი არ აქვს. სხვა მხრივ, ჰიბრიდულ ჰიპერ ავტომობილ LaFerrari-ს ახალი, მცირედ მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება. მოდიფიკაცია შეეხო ავტომობილის მზიდ სტრუქტურას, რათა სახურავის მოცილების გამო, მისი სიხისტე არ შემცირებულიყო.

ferrari-laferrari-aperta-paris-2016-3

LaFerrari Aperta-ს დებიუტი, კომპანიის 70 წლის იუბილეს დაემთხვა, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მარანელოელებმა სულ სხვა ავტომობილები მოამზადეს, რომლებსაც სახელ LaFerrari-სთან საერთო არაფერი აქვთ. რაც შეეხება LaFerrari Aperta-ს, მას მოსახსნელი სახურავი აქვს, რომელსაც მყიდველს ორი სახით შესთავაზებენ. ერთი იქნება რბილი – ნაჭრის, მეორე კი ხისტი – კარბონის. ამათგან მყიდველს მეორეს ოპციის სახით შესთავაზებენ.

ავტომობილს მამოძრავებელი ძალით 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი და ელექტრო ძრავი ანიჭებენ. მათგან პირველი 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე კი – 161 ცხენის ძალას. ეს ყველაფერი კი ღია ავტომობილში უფრო შთამბეჭდავად ჟღერს, ვიდრე დახურულში. შეიცვალა ძრავის მრთვის ელექტრონიკა, რისი წყალობითაც, ის ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

LaFerrari Aperta-ს წარდგენისას, Ferrari-მ გამოაცხადა, რომ ღია ავტომობილის შემუშავებისას, ინჟინერთა გამოწვევა, LaFerrari-ს აგებულების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო, რათა ღია ავტომობილსაც ისეთივე შესაშური დინამიკური მაჩვენებლები ჰქონოდა, როგორიც მის დახურულს აქვს. ამის შედეგი ისაა, რომ ორივეს გრეხვითი დატვირთვებისადმი თითქმის თანაბარი მედეგობა აქვს.

ferrari-laferrari-aperta-paris-2016-6

LaFerrari Aperta-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს კი 7.1 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 350 კილომეტრია. ოღონდ, მარანელოელებს არ დაუზუსტებიათ, ამ სიჩქარეს ავტომობილი სახურავით აღწევს, თუ მის გარეშეც. სამაგეროდ, ისინ სიამაყით ამბობენ, რომ დახვეწილი აეროდინამიკის და აკუსტიკის წყალობით, მაღალ სიჩქარეზეც კი, როცა სახურავი მოხსნილი, კოკპიტში მყოფები საუბარს ადვილად შეძლებენ.