ავსტრიულმა კომპანია Kreisel Electric-მა, არნოლდ შვარცნეგერთან პარტნიორობით, Hummer H1-ის ელექტრული ვერსია შეიმუშავა. მისი პრეზენტაცია ავსტრიაში, კომპანიის კვლევისა და განვითარების ახალ ცენტრში გაიმართა და მას ჰოლივუდის ვარსკვლავიც დაესწრო.

Hummer H1-ის ელექტრული ვერსია სულ რაღაც, ორ თვეში დამზადდა. ის აღჭურვილია ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც 100 კილოვატსაათია. ის ენერგიით ორ ელექტრო ძრავს ამარაგებს, რომლების ჯამური სიმძლავრეც 490 ცხენის ძალაა. თითო ძრავი თითო ღერძს ემსახურება და შესაბამისად, ავტომობილი სრულ ამძრავიანია.

ამ აღჭურვილობით ავტომობილს, რომლის წონაც 3 300 კილოგრამია, ერთი დამუხტვით 300 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი საშუალო სიჩქარე კი საათში 120 კილომეტრს აღწევს.

როგორც Kreisel Electric-ის თანადამაარსებელი მარკუს კრაიზელი ამბობს, ელექტრული ჰამერის სერიულ წარმოებას არ გეგმავს. მისივე თქმით, ეს არის „მგლის ტყავში გამოწყობილი დანადგარი, რომელიც ისე ჩუმად გადაადგილდება, რომ ცხვრებსაც არ შეაწუხებს“.

პრეზენტაციისას, შვარცენგერი აღტაცებული ამბობდა, რომ “კრაიზელმა” ერთი წლით ადრე, მისი G-კლასი აღჭურვა ელექტრული ძალური დანადგარით, ახლა H1 და ისეთი წინათგრძნობა აქვს, რომ მალე ლოს ანჯელესიდან ავსტრიაში ელექტრული თვითმფრინავით ჩაფრინდება.

Hummer H1-ის ელექტრული ვერსიის გარდა, პრეზენტაციაზე Kreisel Electric-მა თავისი განვითარების და წარმოების ახალი ცენტრიც გახსნა, რომელსაც აქვს პროტოტიპების მწარმოებელი და სრულად ავტომატიზებული ხაზი, რომელიც ელექტრო ენერგიის შესანახ ელემენტებს გამოუშვებს.