BMW სუპერ ავტომობილებს არ აწარმოებს, თუმცა თუ M4 GTS-ის მონცემებს გადავხედავთ, საპირისპიროში დავრწმუნდებით. მერე რა, რომ ჩვეულებრივი საგზაო ავტომობილის ფორმა აცვია. სამაგიეროდ, მის შეზღუდულ ტირაჟზე რომ არაფერი ვთქვათ, სუპერ ავტომობილის გული უძგერს და ტემპერამენტიც რჩეული „ურიკების“ შესაფერისი აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 28 წამში აქვს გავლილი, ანუ სტანდარტულ M4-ზე თითქმის 30 წამით სწრაფად.

New-2016-M4-GTS-2

ეს 500-ცხენისძალიანი ავტომობილი ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 700 ცალი დამზადდება. ამათგან 300 ცალი ოკეანის გაღმა გაიგზავნება, დანარჩენი კი სხვა რეგიონებს გაუნაწილდება. ფასი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა წინდაწინ შეიძლება ითქვას, რომ მცირე ტირაჟის გამო, ის საბაზო M4-ზე გაცილებით ძვირი ეღირება.

M4 GTS-ის კონცეპტუალური ვერსია ბავარიელებმა პირველად ახლახანს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. კონცეპტუალური კი ერქვა, თუმცა რეალურად, ეს იყო სერიული ავტომობილი, რომელიც პრაქტიკულად არ შეცვლილა. თავისი სიმძლავრის გარდა, ის ტექნოლოგიური სიახლეებითაც გამორჩევა. ჯერ ერთი, ეს არის მსოფლიოში პირველი საგზაო ავტომობილი, რომელშიც წყლის შეფრქვევის სისტემაა გამოყენებული. და მეორეც, ეს არის მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელსაც OLED უკანა ფარები აქვს.

New 2016 M4 GTS 3

M4 GTS-ს მამოძრავებელ ძალას 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი აგრეგატი ანიჭებს. როგორც უკვე ითქვა, ამ ძრავის მთავარი სიახლე, წყლის შეფრქვევის სისტემაა, რომელიც ბავარიულმა კომპანიამ პირველად მოტო GP-ს რბოლების უსაფრთხოების ავტომობილზე (M4-ზე) დანერგა. ეს სისტემა, შემშვებ კოლექტორში წყლის შეფრქვევას და ამგვარად, შეფრქვეული აირის მნიშვნელოვან გაგრილებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, დაბლა იწევს კუმშვის ციკლის ბოლოს სამუშაო შეკუმშული აირის ტემპერატურა და წვის კამერაშიც ის მეტი მოცულობით შედის. შესაბამისად, იზრდება ძრავის სიმძლავრე.

წყვილი ტურბოს დახმარებით, S55 აგრეგატი 500 ცხენის ძალას (6 250 ბრ/წთ-ზე) და 600 ნიუტონმეტრს (4000-5000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. შედარებისთვისმ სტანდარტული M4’ის სიმძლავრე 431 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 550 ნიუტონმეტრი. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფი. ამ წყვილის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 305 კილომეტრს აღწევს.

New 2016 M4 GTS  4

M4 GTS სტანდარტულ M4-ზე 80 კილოგრამით მსუბუქია. ამას ინჟინრებმა ალუმინის და კარბონის კომპოზიტის უფრო ინტენსიური გამოყენებით მიაღწიეს. მაგალითად, კარბონისგან დამზადდა კაპოტი, წინა და უკანა სპოილერები. კარბონ კერამიკული მასალისაა სამუხრუჭე დისკოები, რომლებიც რაც მთავარია, უფრო ეფექტურადაც მუშაობს. გარდა ამისა, სალონიდან უკანა სავარძლები ამოიღეს.

გარდა ამისა, ავტომობილი მისთვის სპეციალურად შემუშავებული საკიდარით აღიჭურვა, რომლის რეგულირებაც სამ პოზიციაშია შესაძლებელი. გადაკეთდა საჭის ელექტრომექანიკური სისტემა. M4 GTS‘ის ეკიპირებაში, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი და ზორბა უკანა ანტი ფრთა შევიდა. შეიცვალა ელექტრონული დამხმარე სისტემების პროგრამები. ავტომობილი „მიშლენის“ წარმოების „პაილოტ სპორტ კაპ2“ საბურავებზე დგას. მათგან წინების ზომებია 265/35 R19 უკანებისა კი – 285/30 R20.

M4 GTS მხოლოდ ოთხ ფერში შეიღებება. ესენია: საფირ ბლექ მეტალიკი, მინერალ გრეი მეტალიკი, ალპინ უაითი და დარკ გრეი მეტალიკი.

P90199447_highRes

P90199478_highRes

P90199449_highRes