დეტროიტში, სპეციალურად მოწყობილ ცერემონიაზე, „ჯენერალ მოტორსმა“ თავის პოპულარულ მასქლ ქარ „შევროლე კამაროს“ მეექვსე თაობის პირველი ჩვენება ჩაატარა. ახალი ავტომობილი „კადილაკ ATS-ის“ პლატფორმაზეა ბაზირებული, მსუბუქი მასალების ინტენსიური გამოყენების წყალობით კი წინამორბედთან შედარებით, 90 კილოგრამზე მეტი დაიკლო. მისი სალონი კი „შევროლე კორვეტ C6-თან ნათესაობაზე მიგანიშნებთ.“

„კამარო“ „ფორდ მუსტანგის“ უშუალო კონკურენტია და როდესაც ცისფერმა ოვალმა თავისი ახალი მასქლ ქარი გამოუშვა, ყველამ კარგად იცოდა, რომ მალე გენერლებიც ახალი თაობის „კამაროს“ გვაახლებდნენ. ასეც მოხდა. მართალია, გარეგნულად მეექვსე „კამარო“ ძლიერ ჰგავს წინამორბედს, მაგრამ სულ სხვა აგებულება აქვს, რაც „მუსტანგთან“ კონკურენციისთვის აუცილებელია.

Chevy Camaro-Live-3

ახალი „კამაროს“ ძრავების გამაში შევიდა: 2.0-ლიტრიანი LTG ტურბო, რომელიც 275 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს; 3.6-ლიტრიანი LGX ატმოსფერული V6, 335 ცხენის ძალით და 385 ნიუტონმეტრით; ასევე 6.2-ლიტრიანი LT1 მცირებლოკიანი V8 (კორვეტ C7-სგან), რომლის სიმძლავრე 455 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 617 ნიუტონმეტრი.

ახალი „კამაროს“ ძრავებთან წყვილში იმუშავებს ან ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან რვიანი ავტომატური. ახალი „კამაროს“ საბაზო (2.0-ლიტრიანი ძრავით) ვერსია 1360 კილოგრამს იწონის. მართალია, პლატფორმა „ალფაზე“ „ლადილაკის“ სედანიცაა ბაზირებული, მაგრამ „კამროს“ შემთხვევაში, ამავე პლატფორმას, კომპონენტების დაახლოებით 70 პროცენტი უნიკალური აქვს, რისი წყალობითაც, წონაში დაკლებასთან ერთად, უფრო მტკიცეც გამოვიდა და გრეხვაზე მეტ დატვირთვასაც უძლებს.

Chevrolet-Camaro-19

ახალ „კამაროზე“ ტექნოლოგიური სიახლეებიცაა გამოყენებული. მისთვის შეიმუშავეს მართვის რეჟიმების შერჩევის ახალი სისტემა, რომლის დახმარებითაც, ოთხი რეჟიმის არჩევაა შესაძლებელი. ესენია: თოვლი/ყინული, ტური, სპორტი და ტრეკი. მეოთხე რეჟიმი სპეციალურად, „კამარო SS-ისთვისაა“ შემუშავებული. სალონში 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა. სალონის განათებისთვის კი 24 განსხვავებული განათების ეფექტი გამოიყენება. ავტომობილის ძარა 10 ფერში შეიღებება, ინტერიერის გასაფორმებლად კი 5 ფერს გამოიყენებენ.

Chevy Camaro-Live-6