McLaren-ი ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია. სულ რამდენიმე წელია, რაც სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყო და სხვა სარბოლო სერიებშიც გამოჩნდა. ერთ დროს კან-ამის და ინდიქარ-ის რბოლებშიც ძალიან წარმატებული იყო. ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც გაუმარჯვია. მაგრამ ალბათ არავის სმენია იმის შესახებ, რომ ერთხელ ტუნინგშიც სცადა ბედი.

1980 წელს, ბრიტანულმა კომპანიამ Ford Mustang-ის საკუთარი ვერსია, Mustang McLaren M-81 შეიმუშავა. ავტომობილი გარეგნულად არის შეცვლილი, თუმცა მასში „მუსტანგს“ მაინც იოლად ამოიცნობთ. მაგრამ, მის გარეგნობასვე არაფერი ეტყობა იმისა, რომ ფ1-ის გუნდმა რაღაც განსაკუთრებული შექმნა.

მთავარი ისაა, რომ მას 5.0-ლიტრიანი V8 გული ამოაცალეს და მის ნაცვლად, კაპოტის ქვეშ, ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი ჩადგეს. მაშინ ფიქრადაც ვერავინ გაივლებდა, რომ ათწლეულების შემდეგ, პოპულარული გახდებოდა სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი „მუსტანგი“. Mustang McLaren M-81-ის ტურბო ძრავი სულ რაღაც, 175 ცხენის ძალას ავითარებდა, მასთან წყვილში კი 4-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობდა.

ძრავის და ძარის გარდა, გადაკეთდა ინტერიერი, დაკიდების სისტემა და ბორბლები, რომელთა ნაცვლადაც, BBS-ის ალუმინის 15-დუიმიანი ბორბლები დააყენეს. ამ ავტომობილის ტესტირება გამოცემა „მოტორ ტრენდს“ ჩაუტარებია, რა დროსაც, ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 9.76 წამში შეძლო. შედარებისთვის, ამ დროში McLaren 650S 210 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას ასწრებს.

პირვანდლი გეგმით, 249 ცალი Mustang McLaren M-81-ის გამოშვება იგეგმებოდა, მაგრამ მხოლოდ 10 ცალი დამზადდა. ამ ფოტოებზე ასახული ეგზემპლარი, ერეთ-ერთია ამ ათეულიდან და მას მხოლოდ 5 000 მილი (8 000 კილომეტრი) ჰქონია გავლილი. თავის დროზე, ავტომობილის ფასი 25 000 დოლარი იყო. ეს საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ ახალი Porsche 911-ის ყიდვა 30 000 დოლარად იყო შესაძლებელი. დღეს კი, იმ დროს, როცა ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა (9 თებერვალს), ავტო აუქციონზე Mustang McLaren M-81-ში 20 500 დოლარს იხდიდნენ.