მონაცემები, როგორებიცაა სიმძლავრე 802 ცხენის ძალა, სიჩქარე 350 კმ/სთ, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდ 3 წამში აჩქარება, ეგზოტიკურ სუპერ ავტომობილებს ახასიათებს და არა ხუთადგილიან ლუქს სედანებს, როგორიცაა მაგალითად, Audi S8. მაგრამ სატუნინგო ატელიე MTM-მა ეს წესი დაარღვია.

2016-MTM-S8-TalladegaR-02

MTM-ი Audi S8-ს ბაზაზე საკუთარ მოდელ Talladega S-ს ადრეც აწარმოებდა. ამჯერად კი ამ ავტომობილის კიდევ უფრო მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია, Talladega R შეიმუშავა. ზემოთ მოყვანილი ტექნიკური მახასიათებლები სწორედ ამ ავტომობლს ეკუთვნის. უფრო მეტიც, Talladega R-ს ადგილიდან ორასის ასაკრეფად 9.9 წამი ჰყოფნის, სამასს კი 29 წამში აღწევს. ასეთ ავტომობილებს ხშრად სუპერ ავტომობილების მკვლელებსაც უწოდებენ.

802 ცხენის ძალის მოთვინიერებაში, Talladega R-ს Bimoto-ს წარმოების 22-დუიმიანი ბორბლები ეხმარება, რომლებიც 265/30 ზომის საბურავებით არის შემოსილი. სამუხრუჭე სისტემაში კი კარბონ-კერამიკული დისკოებია გამოყენებული, რომლებიც ეფექტურად ახერხებენ ასეთი დინამიკის მქონე, საკმაოდ მძიმე ავტომობილის შენელებას და გაჩერებას.

2016-MTM-S8-TalladegaR-04

სხვათა შორის, ავტომობილი რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ვალტერ რიორლმა გატესტა, რომელმაც ის ძალიან მოიწონა. „მართვა შესანიშნავია“, „გაზის პედლის უკუქმედება ფანტასტიური“, – ასე შეაფასა ლეგენდარულმა მრბოლმა Talladega R-ი. ის კი ასეთ ეპითეტებს ტყუილად არ იმეტებს.

MTM-ი თავის ოთხბორბლიან რაკეტას ძვირად – 222 000 ევროდ აფასებს. თუმცა, ამ ფასში დონორი ავტომობილის, Audi S8-ს ღირებულებაც შედის. თან, ასე „იაფად“ 800-ცხენისძალიანი ავტომობილის შოვნაც შეუძლებელია.

2016-MTM-S8-TalladegaR-05

2016-MTM-S8-TalladegaR-07