10 მაისს, 11:00 საათზე, ლისი ლაუნჯში გაიმარათა პრესკონფერენცია, ქართული სპორტული ეკიპაჟის საავტომობილო რალის ისტორიულ ჩემპიონატში მონაწილობასთან დაკავშირებით. სანდრო ლომაძე და მევლუდ მელაძე მონაწილეობას იღებენ ევროპის თასის ბალკანეთის 8 ეტაპზე, რომელიც ბალკანეთის სხვადასხვა ქვეყანაში ჩაივლის, ხოლო მათ შორის პირველი, ბულგარეთში გაიმართება. სანდრო ლომაძე და მევლუდ მელაძე რალის ევროპული გამოცდილებით, ამჯერად, ბალკანეთის ქვეყნების საუკეთესო მრბოლელებთან ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას. ჩემპიონატის რვა ეტაპზე ბალკანეთის შვიდი ქვეყანის 50-ზე მეტი ეკიპაჟი იღებს მონაწილეობას. ქულების ჯამის მიხედვით, ხუთი საუკეთესო ეკიპაჟი, წლის ბოლოს ევროპის თასის დასკვნით ეტაპზე, პორტუგალიაში გაემგზავრება.

სპორტული ეკიპაჟის სპონსორები არიან კომპანია: cream finance, crediton.ge, niewianov Georgia, Ms Racing. ეკიპაჟი ბულგარეთში 16 მაისს ჩადის. შეჯიბრი 19-21 მაისს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში 300 კილომეტრიან მონაკვეთზე შედგება. ლომაძე-მელაძის ეკიპაჟთან ერთად, საქართველოს სახელით იასპარეზებს დავით კვარაცხელია-პლამენ სტოიკოვის ეკიპაჟი. ისტორიული მნიშვნელობის ჩემპიონატი სტარტს უკვე 48-ედ აიღებს. მისი რვა ეტაპიდან ოთხი გრავიან (მიწა-ღორღიან), ოთხი კი ასფალტირებულ ზედაპირზე გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი უკვე გააკეთა 54-მა ეკიპაჟმა და მათი რიცხვი იზრდება. პირველი ეტაპი, ქალაქ ვარნაში ასფალტირებულ გზაზე გაიმართება, რომელშიც განსაკუთრებით რთული და ჩქაროსნული მონაკვეთები შედის. შეჯიბრის მიმდინარეობის შესახებ ყველა სიახლეს მაყურებელი და გულშემატკივარი შეძლებს თვალყური ადევნოს გუნდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე MS Racing Team, ხოლო შეჯიბრის მიმოხილვას ევროპის სპორტულ არხებზე.