იმისათვის, რომ წარმოების ხარჯები შეამციროს, Volkswagen-ი წარმოებაში თავის მოდულურ პლატფორმა MQB-ს უფრო დიდხანს დატოვებას აპირებს. კერძოდ, ამ არქიტექტურას, შესაბამისი კლასების ორი თაობის მოდელების საფუძვლად გამოიყენებს. თუმცა ყოველი ახალი თაობისთვის მას გარკვეული მოდიფიკაციები ჩაუტარდება, რათა მასზე აგებულმა ავტომობილებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.

როგორც ცნობილია, გერმანული ჯგუფი, რომელიც რამდენიმე საავტომობილო კომპანიას აერთიანებს, სკანდალშია გახვეული, რომელიც დიზელისძრავიანი ავტომობილების საწვავის ხარჯის მაჩვენებლების მიზანმიმართულ გაყალბებაში მხილებას მოჰყვა. სკანდალი დიზელგეიტის სახელითაა ცნობილი და მის გამო, ვოლფსბურგელებს მილიარდობით დოლარის გადახდა უწევთ. გარდა ამისა, ისინი ძირეულად ცვლიან განვითარების სტრატეგიას, რომლის აქცენტიც, დიზელის აგრეგატებიდან ელექტრიფიკაციაზე გადააქვთ.

vw-mqb-platform

MQB პლატფორმაზე ბაზირებულია Volkswagen-ის ჯგუფის კომპანიების კომპაქტური და საშუალო ზომის, წინა ამძრავიანი მოდელები. ამ პლატფორმის წყალობით უამრავ ავტომობილს ბევრი საერთო მაკომპლექტებელი ნაწილი და აგრეგატი აქვს. ეს კი მათი საწარმოო ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს და კონკურენტუნარიანობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, მცირდება ახალი მოდელის წარმოებისთვის მომზადების დრო, რაც ასევე მისი ფასის შემცირებაში აისახება.

2014 წელს Volkswagen-ის ჯგუფმა ამ პლატფორმაზე 2 მილიონი ავტომობილი გამოუშვა, 2018 წელს კი მათი რიცხვი 7 მილიონს მიაღწევს. Volkswagen-ის ბრენდის შეფი ჰერბერტ დისი ამბობს, რომ კრიზისული გეგმის შესაბამისად, ჯგუფს ხარჯების მკვეთრად შეკვეცა მოუწევს. კერძოდ, წლიური ხარჯები 3.7 მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს და ამ რეჟიმში ჯგუფი 2021 წლამდე იმუშავებს. ხარჯების შეკვეცა ჯგუფში დასაქმებულთა ანაზღაურებაზეც აისახება.

vw-mqb-platform-2

ამ ყველაფრის შედეგად, Volkswagen-ის საშუალო საოპერაციო მარჟა 2 პროცენტით, 4 პროცენტამდე გაიზრდება. ამის მიუხედავად, მიუწვდომელი დარჩება ადრე დაგეგმილი მარჟის (6 პროცენტი) მიღწევა, რა მხრივაც, გერმანული კომპანია თავის კონკურენტებს – Ford-ს, Renault-ს, Peugeot-ს და General Motors-ს ჩამორჩება. არადა, 6-პროცენტიანი მარჟა აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანიამ მომავლის პროექტებში ინვესტირება შეძლოს.