1960 წლებში ენცო ფერარის კომპანიას უკვე უამრავი რბოლა და ტიტული ჰქონდა მოგებული და მისი საგზაო ავტომობილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ მაშინ გამოუშვა ავტომობილი სახელად 250 GTO. პირველი სერიით ეს კუპე მხოლოდ 33 ცალი დამზადდა და მაშინვე რარიტეტად იქცა. წლების განმავლობაში კი მისი ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. უფრო სწორედ, სერიის მეორე მოდელი და პირველი, რომელმაც ამ სერიიდან რბოლებში მიიღო მონაწილეობა. მისი სერიული ნომერია 3387GT და ის იმითაა განთქმული, რომ მსოფლიოს უძვირესი ავტომობილის ტიტულს ატარებს. აუქციონის გვერდის ავლით, ამ კონკრეტულ ეგზემპლარში 55.7 მილიონი დოლარია გადახდილი.

250 GTO-ს ეს ეგზემპლარი, რომელიც 1962 წელს არის დამზადბული, 1997 წლიდან ეკუთვნის ამერიკელ კოლექციონერ ბერნარდ კარლს, რომელმაც ფართო საზოგადოების წინაშე ის ბოლოს 2012 წელს გამოიყვანა, როცა საფრანგეთში, Ferrari 250 GTO-ს 50 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ტურში მიიღო მონაწილეობა. ახლახანს კარლს თავისიავტომობილის გაყიდვა გადაუწყვეტია, რის შესახებაც ოფიციალურად განაცხადა ბრიტანეთში Ferrari-ს დილერმა Talacrest-მა.

ბერნარდ კარლის 250 GTO-ს სებრინგის 12-საათიან რბოლაში, 1962 წელს მეორე ადგილი აქვს დაკავებული აბსოლუტურ ჩათვლაში, იმავე სეზონში კი, ლე მანის 24-საათიანი რბოლა თავის კლასში (3.0-ლიტრიანი ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების კლასი) მოიგო. მაშინ ის ნიუ იორკულ Luigi Chinetti Motors-ს ეკუთვნოდა.

თქმა არ უნდა, გასაყიდად გამოტანილია საავტომობილო სამყაროს და ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კოლექციონერებისთვის ყველაზე სასურველი ავტომობილი. მაგრამ Talacrest-ი მის ფასს არ აკონკრეტებს. სავარაუდოდ, კარლს მასში მინიმუმ იმ თანხის აღება ენდომება, რაც თავად გადაიხადა…