MINI თავის ავტომობილებს ასე მოიხსენიებს: „საუკეთესო პრემიუმ კომპაქტური ავტომობილები თანამედროვე ქალაქისთვის“. მაგრამ მალე ეს საკმარისი არ იქნება. ახალი ავტომობილები ციფრული ტექნოლოგიებით, კავშირის საშუალებებით და თვითმავალი ტექნიკით უნდა აღიჭურვოს, რომლებიც ამ ავტომობილების ხანგრძლივ წარმატებას უზრუნველყოფენ.

MINI-ს ახალი კონცეპტუალური პროექტი, სახელად Vision Next 100, სწორედ ასეთი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ამასთან, ის ნულოვანი გამონაბოლქვითაც გამორჩევა. საინტერესოა, რომ ამავე სახელოწოდებით, კონცეპტუალური ავტომობილი Rolls-Royce-მაც შეიმუშავა.

MINI-Vision-Next-100-1

მინის განმარტებით, მისი მომავლის ავტომობილი (სრულად ავტომატური) კვირაში 7 დღე, დღეში კი 24 საათით იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანია თავის კლიენტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ მათ საკუთარი მოხთოვნილების შესაბამისად დააკომპლექტონ სასურველი ავტომობილი.

მომავლის მინი გარეგნულადაც მომავლის სულისკვეთებას შეესაბამება. ის ვერცხლისფერ „კანშია“ გახვეული, რომელიც ერთგვარ „სუფთა ტილოს“ წარმოადგენს და ასზე ნებსმიერი თემატური გაფორმების საშუალებას იძლევა. მთავარია, რა ხასიათზე იქნება ავტომობილის მფლობელი. ჭერი და ინტერიერის განათებაც კი, მფლობელის ხასიათს მოერგება.

„MINI ინდივიდუალურ და საზრიან მობილურობას შემოგთავაზებთ, რომელიც ყველა ხასიათს და სურვილს მოერგება. მომავალში არ იქნება აუცილებელი ფლობდეთ ავტომობილს იმისათვის, რომ მისგან ისეთივე სიამოვნება მიიღოთ, როგორსაც საკუთარი ავტომობილი მოგანიჭებთ“, – ამბობს BMW-ს ჯგუფის დიზაინერი ადრიან ვან ჰოოიდონკი.

2ea5e21f-3e50-4138-9300-6d11ac26b401

ვან ჰოოიდონკი დასძენს, რომ ყველაფერთან ერთად, MINI-ს მომავლის ავტომობილები კვლავაც იქნება კომპაქტური და სხარტი, რაც მათს მფლობელებს, ხელით მართვის სურვილს გაუჩენს. ამის გათვალისწინებით, ბრიტანული კომპანია Vision Next 100-ის ტემპერამენტიან ვერსია John Cooper Works-ის ვერსიასაც გამოუშვებს. როცა ავტომობილი თვითმავალ რეჟიმში იმუშავებს, საჭის რგოლი და პედლები მათთვის გამოყოფილ ადგილზე გადაინაცვლებს, რათა სალონში მეტი ადგილი გამოთავისუფლდეს.

როცა მფლობელს მართვა დასჭირდება, საჭის რგოლს და პედლებს, მისთვის მოსახერხებელ მხარეს გადაიტანს. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილი როგორც მარცხენასაჭიანი, ასევე მარჯვენასაჭიანიც იქნება. სავარძლების კონფიგურაციაც ორნაირი იქნება – ჩვეულებრივი მართვისთვის და დინამიური მართვისთვის. მეორე შემთხვევაში, სავარძელი ისეთ ფორმას მიიღებს, რომ პილოტის და წინა მგზავრის ტანს, დამატებითი გვერდითი საყრდენი ჰქონდეს.

5d51d19f-9ac7-4bcd-b1d2-4706b5c14d0f

სალონში მისი პატრონი ზის თუ არა, საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილს თავისით შეუძლია დასამუხტ სადგურში, ან რეცხვის სერვისში მისვლა. თუ ასეთი ავტომობილი გაქირავების კომპანიის კუთვნილებაშია, ის დამქირავებელს მითითებულ ადგილზე თავად მიაკითხავს.

კიდევ ერთი საინტერესო გამოგონებაა „კუპერიზერი“. „მინი“ ასე მოიხსენიებს ცენტრში განლაგებულ მაჩვენებლების კომპლექსს, რომელსაც მრგვალი ფორმა აქვს. ის აკონტროლებს გართობას, კომუნიკაციებს და ავტონომიურ მართვას. მისი მართვა მრგვალი გადამრთველებით არის შესაძლებელი.