Mini-მ თავის პოპულარულ მოდელ John Cooper Works-ის კაბრიოლეტისძარიანი ვერსია შეიმუშავა, რომელიც ჟენევისა და ნიუ იორკის შოუებზე წარადგინა. ის იმავე ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც ჰეჩბეკის ძარიანი ვერსია, რომლის პრემიერაც შარშან გაიმართა. ესაა BMW-ს წარმოების აგრეგატი კოდური სახელწოდებით B48.

ეს არის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 228 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ის 20 ცხენის ძალით და 60 ნიუტონმეტრით ძლიერია 1.6-ლიტრიან ტურბო ძრავზე, რომლითაც მეორე თაობის კაბრიოლეტია აღჭურვილი და 39 ცხენის ძალით და 41 ნიუტონმეტრით ძლიერია იმავე ძრავის ვერსიაზე, რომლითაც Cooper S Convertible არის აღჭურვილი.

Mini John Cooper Works  Convertible

ახალი კაბრიოლეტი თავის წინამორბედზე 135 კილოგრამით მძიმეა და 1310 კილოგრამს იწონის. ეს პირველ რიგში, გაბარიტებში ზრდამ გამოიწვია. იმავდროულად, ის 105 კილოგრამით მძიმეა ჰეჩბეკზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ღიაძარიან ავტომობილებს მზიდი სტრუქტურის გაძლიერება ესაჭიროება, რაც ახალი ელემენტების დამატებას მოითხოვს. ამგვარად, მესამე თაობის კაბრიოლეტს სიმძლავრის და წონის შესაშური ფარდობა აქვს – ყოველ პირობით ტონაზე 174 ცხენის ძალა.

Mini John Cooper Works  Convertible 1

ისევე როგორც ჰეჩბეკის შემთხვევაში, კაბრიოლეტის მყიდველსაც ორი ტიპის ტრანმსმისიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ერთია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, მეორე კი – 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა სხვადასხვა ელექტრონული დამხმარე სისტემა. მათ შორის, დინამიკური სტაბილურობის კონტროლი, დინამიკური ტრექშნ კონტროლი და დიფერენციალის ბლოკირების ელექტრონული სისტემა.

Mini John Cooper Works  Convertible 3

Mini აცხადებს, რომ მის ახალ მექანიკური კოლოფით აღჭურვილ კაბრიოლეტს, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.6 წამში შეუძლია, რაც 0.3 წამით ნაკლებია წინა თაობის კაბრიოლეტის და 0.2 წამით ნაკლები – Cooper S Convertible-ს აჩქარებაზე. ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ვერსიას კი იმავე აჩქარების შესრულება 0.1 წამით ნაკლებში შეუძლია. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში ის 242 კმ/სთ-ია, ავტომატურის შემთხვევაში კი – 240 კმ/სთ.

Mini John Cooper Works  Convertible 4

გაზრდილი ტემპერამენტის გარდა, ახალ კაბრიოლეტს საწვავის შემცირებული ხარჯიც აქვს. მექანიკური კოლოფით აღჭურვილი კაბრიოლეტი 100 კილომეტრს 6.5 ლიტრი ბენზინით გადის, ავტომატური კოლოფით კი იმავე მანძილზე 5.9 ლიტრიც ჰყოფნის. ეს მონაცემები შესაბამისად, 0.3 და 1.4 ლიტრით ნაკლებია წინამორბედის შესაბამისი ვერსიების ხარჯებზე.