არაოფიციალური ინფორმაციით, ბრიტანელი ავტომწარმოებელი Mini თავის ისტორიაში პირველი სედანის გამოშვებას აპირებს. მისი წარმოების დაწყების შემთხვევაში, ეს ავტომობილი თავის კლასში ყველაზე მოკლე იქნება. რაც მთავარია, ის უნდა გახდეს Mini-ს მეხუთე ძირითადი სამოდელო ხაზი, რომელთა შესახებაც კომპანიამ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოაცხადა. ოღონდ, მაშინ ამ ხუთეულის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სედანის წარმოების დაწყება, BMW-ს ხელში არსებული ბრიტანული ბრენდის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია. ხუთი სამოდელო ხაზიდან, ერთში სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკები შედის, მეორეში კაბრიოლეტი, მესამეში კი უნივერსალი Clubman-ი. მეოთხე იქნება უგზობის პოპულარულ Countryman-ის მეორე თაობა და მეხუთე ალბათ სედანი, რომლის ესკიზის (ფოტოზე) საკუთარი ვერსია, „ავტოქარმა“ გამოაქვეყნა.

თუ მისი წარმოება გადაწყდა, სედანს პლატფორმა UKL-ზე ააგებენ, რომელიც Mini-ს ყველა სხვა მოდელის საფუძველს წარმოადგენს. გარდა ამისა, BMW მას საკუთარი წინა ამძრავიან მოდელებზე იყენებს. სავარაუდოდ, სედანს Clubman-ის ზომის ბაზა (2670 მმ) ექნება, მაგრამ მასზე ოდნავ გრძელი უნდა იყოს.

რაც შეეხება სახელს, არაა გამორიცხული, რომ ბავარიელებმა ასევე მათ ხელთ არსებული ბრიტანული ბრენდების, Riley-ს ან Triumph-ის სხელი გამოიყენონ. სედანის ძირითადი ბაზრები აშშ და ჩინეთი გახდება.