მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის შვილმა, 16 წლის მიკ შუმახერმა, ფორმულა 4-ში თავისი მესამე რბოლა გამარჯვებით დაასრულა. კარტინგში წარმატებული კარიერის შემდეგ, მისი დებიუტი ფორმულას კლასის ღიაბორბლიან ავტომობილებით რბოლაშიც კარგად დაიწყო. მან გამარჯვება ოშერსლებენის ტრეკზე მოიპოვა.

მიკ შუმახერი გერმანიის ADAC-ის ფ4-ის ჩემპიონატში, სახელოვან გუნდ „ვან ამერსტოორფ რეისინგის“ ბოლიდით ასპარეზობს. პირველი ორი რბოლა უმცროსმა შუმახერმა მე-9 და მე-12 ადგილებზე დაასრულა. მესამე რბოლაში სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა მალევე დაწინაურდა. რბოლის მიწურულს, მას ჯოზეფ მეუსონი წამოეწია, რაშიც მას პეისკარიც დაეხმარა. თუმცა შუმახერმა მას ნახევარი წამით მაინც აჯობა.

Mick Schumacher, Van Amersfoort  Racing1

„რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ. ჩემი პირველი სარბოლო უიკენდის უკეთ დასრულება ვერც წარმომედგინა. კარგი სტარტი ავიღეთ, რადგან შედარებით ახალი საბურავებით ვიყავი. არც უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ დამტოვა მეტისმეტად უკმაყოფილო. საერთო ჯამში, სეზონის ასეთი დასაწყისით კმაყოფილი ვარ და შემდგომ რბოლებსაც მოუთმენლად ველი“, – განაცხადა შუმახერმა, ვისაც სამი რბოლის შემდეგ, 27 ქულით მეხუთე ადგლი უკავია.

სხვათა შორის, მასთან ერთად, ამავე ჩემპიონატში, ფ1-ის საუკეთესო ინჟინრის, ედრიან ნიუის შვილი, ჰარისონიც მონაწილეობს, ვინც ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა.