მიშლენი ირწმუნება, რომ თუ ფორმულა 1-ში დაბრუნებას შეძლებს, როგორც საბურავების ერთადერთი მიმწოდებელი, მაშინ პილოტებს მაქსიმალურად გარჯის საშუალებას მისცემს. საბურავების მწარმოებელმა ფრანგულმა გიგანტმა დაადასტურა, რომ ფ1-ის საბურავების ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

მიშლენი პირობას დებს, რომ ფორმულა 1-ს სწორი მიმართულებით წაიყვანს, რაც მოეწონებათ როგორც გუნდებს, ასევე ფანებს. „მიშლენის“ მოტორსპორტის შტოს შეფი პასკალ კუასნონი დარწმუნბული, რომ მისი კომპანიის წარმოების გეგმა, რომელიც 18-დუიმიან ბორბლებზე გადასვლას ითვალისწინებს, რბოლების ხასიათსაც შეცვლის. კერძოდ, ის დარწმუნებულია, რომ პილოტები უკეთ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.

„ვნახოთ, ჯერ აგვირჩიონ. მაგრამ წინასწარ გვინდა, გუნდებსაც და პილოტებსაც შევთავაზოთ ისეთი პირობები, რომლების შემთხვევაშიც, მათ საკუთარი უნარის უკეთ გამოვლენის საშუალება მიეცემათ. ეს რბოლებს ფანებისთვის უფრო სანახაობრივს, მრბოლებისთვის კი უფრო სასიამოვნოს გახდის. ლე მანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ სუპერ შოუს მოწყობა შეგვიძლია და ძალიან მაღალ სიჩქარეებს უზრუნველვყოფთ“, – ამბობს კუასნონი.

ის ასევე თვლის, რომ ფ1-ს „მიშლენის“ დაბრუნება უნდა აწყობდეს, რადგან ამ შემთხვევაში, საბურავები კვლავ გახდება ტექნოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საშუალება: „კარგი იქნება, თუ პილოტები აღარ იტყვიან, არ შემიძლია უფრო სწრაფად გავლა, რადგან ამის საშუალებას საბურავები არ მაძლევს. ყველას მოეწონება ისეთი კანდიდატის არჩევა, რომელიც ფ1-ს სანახაობრივ მხარეს დაუბრუნებს“.

„მიშლენი არასდროს მალავს, რომ ფ1-ში საბურავების ომის დაბრუნების მომხრეა. ეს კი რამდენიმე მიმწოდებლის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა კუასნონი თვლის, რომ „მიშლენისთვის“ ფ1 მაშინაც მომგებიანი იქნება, თუ ის ერთადერთი მიმწოდებელი იქნება.

„განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მეტოქე გყავდეს. თუმცა ამაში დახმარება წესებსაც შეუძლია. მაგალითად ლე მანზე, საბურავების შეცვლა და საწვავის ჩასხმა ერთ პიტსტოპზე არ შეიძლება. ამიტომ გუნდიბს გამძლე რეზინ სჭირდებათ. ამგვარად, მეტოქის გარეშეც, ტექნიკური თვალსაზრისით, გამოწვევას გუნდები გვთავაზობენ. გვინდა, რომ ფ1-შიც ასე იყოს. თუ საბურავების რამდენიმე მიმწოდებელი იქნება, ძალიან კარგი. თუ არა, მაშინ 18-დუიმიან ბორბლებზე გადასვლა და უფრო გამძლე საბურავები, უკეთესი შოუს მოწყობის საშუალებას მოგვცემს“, – დასძენს კუასნონი.