საქართველოში ერთადერთი ლიცენზირებული ქალი ავტომრბოლელი!

ეს ის შემთხვევაა, როდესაც „საჭესთან ქალი“ სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იღებს! საჭესთან საქართველოში ერთადერთი ლიცენზირებული ავტომრბოლელი ქალი – მერი გვასალიაა! მერი პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე და უკვე ბევრი ავტომოყვარულის ფავორიტია. სმარტბოქსი მერის ესაუბრა და ბევრი საინტერესო ამბავიც გაიგო მის შესახებ.

„ბავშვობიდან მიყვარდა მანქანები, სულ მანქანებით ვთამაშობდი, ვშლიდი და ვაწყობდი. ისე მიყვარდა, რომ წამოვიზარდე დარწმუნებული ვიყავი, ტარება ვიცოდი. მგზავრობისას სულ წინ მინდოდა დავმჯდარიყავი და მძღოლს ვაკვირდებოდი როგორ მართავდა. მუხრუჭს, საჭეს, სიჩქარეებს თვალს არ ვაშორებდი. 12 წლიდან ყველაფერზე მქონდა წარმოდგენა და 16 წლის უკვე თავისუფლად გადავადგილდებოდი ქალაქის ქუჩებში. თამამად და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ავტომობილის მართვა ჩემით ვისწავლე.“

ალბათ არც გაგიკვირდებათ, მართვის მოწმობის გამოცდა პირველივე ჯერზე რომ ჩააბარა. თანაც პრაქტიკის ჩაბარება „07“-ზე არჩია და გამომცდელების გაოცებაც შეძლო. თუმცა ავტომობილის მართვის მოწმობის გარდა, მან რამდენიმე წელიწადში ლიცენზია და რბოლებში მონაწილეობის მიღების უფლებაც მოიპოვა.

„2007 წლიდან ავტოსპორტში ვარ. ერთ წელიწადში კი ლიცენზია ავიღე. ერთ-ერთ რადიოში მუშაობისას რუსთავის ავტოდრომზე მომიწია წასვლა რეპორტაჟის მოსამზადებლად. სწორედ მაშინ ვანახე საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს როგორ ვმართავ საჭეს და რამდენიმე დღეში ლიცენზიაც მომანიჭეს. მონაწილეობა მივიღე საქართველოს ჩემპიონატში „წრიულ რბოლაში“ სადაც 35 მამაკაცს შორის მომიწია ასპარეზობა.“

წარმატებულ ავტომრბოლელს საკუთარი ავტომობილი არასდროს ყოლია. მეგობრები თხოვნიდნენ მანქანებს და თვლის, რომ თავისი მიღწევებიც მათი დამსახურებაა. მერის ბახტრიონის 12ა ნომერში ავტოსკოლა „JAY” აქვს, სადაც ყველა მართვის მოწმობის აღების სურვილით მიდის. თუმცა, დამიჯერეთ, მერის გაცნობის შემდეგ მხოლოდ მართვის მოწმობა საკმარისი აღარ გგონია და ავტომობილის კიდევ უკეთესად მართვის მოტივაცია საგრძნობლად იზრდება.

სმარტბოქსი წარმატებებს უსურვებს სტერეოტიპების დამამსხვრეველ ავტომრბოლელს _ მერი გვასალიას! დარწმუნებული ვარ მის სახელს და გვარს კიდევ არაერთხელ გავიგებთ. ჩვენ კი ამ ამბავს არ გამოგაპარებთ!