უკვე რამდენიმე წელია, რაც საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილები გამოჩნდა. მათ დამკვიდრებას და პოპულარიზაციას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა ხელის შეწყობაც არ აკლიათ სახელმწიფო შეღავათების სახით. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, დასამუხტი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაა. ამიტომ, ავტომწარმოებლები იმაზეც ზრუნავენ, რომ ელექტრომობილებთან ერთად, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც განავითარონ, ან ალტერნატიული გზები ეძიონ.

Daimler-5

ასეთ მწარმოებლებს შორისაა Mercedes-Benz-ი, რომელიც ინდუქციური დამუხტვის სისტემის სერიულად გამოშვებას 2017 წლიდან დაიწყებს. ასეთი სისტემები უკვე დანერგილია სმარტფონებში. მათში ენერგიის გადასაცემად, ელექტრომაგნიტურ ველს იყენებენ. შტუტგარტული კომპანია, ელექტრომობილებისთვის მსგავსი სისტემის გამოყენებას აპირებს.

სისტემა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. მეორად ხვეულა ავტომობილის ძირზეა განლაგებული, პირველადი ხვეულა კი საბაზო პლატფორმაზე, რომელიც არის კიდეც ენერგიის გადამცემი. როცა ეს ხვეულები ერთმანეთის სიახლოვესაა, ხდება ენერგიის გადაცემა. გამცემი პირველადი ხვეულაა, მიმღები კი – მეორადი. გადაცემა კი ამ ხვეულების გარშემო არსებული ელექტრომაგნიტური ველის საშუალებით ხდება. გადაცემის შემდეგ, მიმღებ ხვეულაშივე ხდება მიღებული ენერგიის ელექტრობად გარდაქმნა და ეს ენერგია ელემენტების ბლოკში გროვდება.

Daimler-7

საბაზო პლატფორმა შეიძლება განლაგდეს გარაჟის სადგომ ადგილზე. მთავარია, ის ისეთ ადგილზე იყოს განლაგებული, რომ გაჩერებისას, ავტომობილის ბორბალმა არ დააზიანოს და გაჩერებისას, მიმღები ხვეულა მის პირდაპირ აღმოჩნდეს.

ავტომობილის სალონში მოთავსებულ ეკრანზე, სისტემა ავტომობილის მფლობელს მესიჯით შეატყობინებს, დასამუხტი მოწყობილობის ორივე კომპონენტი შეპირაპირებულია, თუ არა. როგორც კი ავტომობილი დასამუხტ მოწყობილობას გაუსწორდება, ენერგიის გადაცემა ავტომატურად დაიწყება.

Daimler-4

სამქიმიანები ამ სისტემას S500 e-ს მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. გარდა ამისა, იგივე სისტემა პლაგ-ინ ჰიბრიდების მყიდველებისთვისაც მოსახერხებელი იქნება. დროთა განმავლობაში, უკაბელო დამუხტვის სისტემა, Mercedes-ის სხვა ელექტრომობილების მყიდველებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.