Daimler-მა გამოაცხადა, რომ ელექტრომობილებთან დაკავშირებულ გეგმებს ცვლის. კერძოდ, იმ 10 ახალ ელექტრომობილს, რომელთა წარმოების დაწყებასაც 2025 წლამდე აპირებდა, 2022 წლამდე გამოუშვებს. ამ გეგმის განსახორციელებლად, გერმანული გიგანტი 10 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. იმავდროულად, კომპანია ფოკუსს შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილებიდან, ელექტრომობილებზე გადაიტანს.

Daimler-ი ამის შემდეგაც გააგრძელებს შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი მოდელების წარმოებას და შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებას. ამის მიზანი, ამ ტიპის (ბენზინზე და დიზელზე მომუშავე) ძრავების ეფექტურობის გაზრდაა. ეს მოხდება „გარდამავალ პერიოდში“, რა დროსაც, კომპანია ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებასაც გეგმავს.

ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი იქნება განახლებული S-Class-ი, რომელსაც გერმანული კომპანია მალე შანჰაის ავტო შოუზე წარადგენს. ეს ავტომობილი ეკიპირებულია ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მხოლოდ ელექტრული ძალით 50 კილომეტრის გავლა შეძლოს.

„აუცილებელია გავაკეთოთ ერთი საქმე ისე, რომ არ გავაჩეროთ მეორე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ორივე მიმრთულებას ვაძლიერებთ – ახალსაც და ძველსაც“, – აქციონერებთან ყოველწლიური შეხვედრის დროს განაცხადა „დაიმლერის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ (ფოტოზე).