საავტომობილო დიზაინის ამ შედევრს პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, „საავტომობილო ჰოტ კუტიური“ უწოდეს. სვტომობილის სახელია Mercedes-Maybach 6 Cabriolet და ის არის შარშან, პებლ ბიჩშივე წარდგენილი კონცეპტუალური Mercedes-Maybach 6-ის ღია ვერსია.

ავტომობილი საგზაო იახტას მოგაგონებთ და ამ ეფექტს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ლურჯად (ნაუტიკალ ბლიუ მეტალიკ) არის შეღებილი. მის გარეგნულ თავსებურებათა შორისაა რადიატორის ზორბა ცხაური, ძალიან გრძელი კაპოტი და ბაზა, მკვეთრად დახრილი, მოკლე საქარე შუშა და ასევე დახრილი საბარგული. როდესაც ავტომობილი იხურება, მის სალონს მოკლე, მშვილდის ფორმის სახურავი ფარავს. ავტომობილი მრავალწკირიან, 24-დუიმიან ბორბლებზე დგას.

ეფექტური გარეგნობის შესაფერისია კონცეპტის ინტერიერიც, რომელიც მარკა „ნაპას“ თეთრი (კრისტალ უაით) ტყავით არის გაწყობილი. ცალკეული ელემენტები ხისგან და ალუმინისგან დამზადდა. რეტრო სტილშია შესრულებული მაჩვენებლების დაფა. ცენტრალური სატრანსმისიო გვირაბის ერთი ნწილი კი გამჭვირვალეა და იქ კაბელები მოჩანს.

მართალია, ავტომობილი კლასიკურ სტილშია შესრულებული, მაგრამ აგებულებით და აღჭურვილობით ის მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს. სალონი ბიომეტრიული სენსორებით არის ეკიპირებული, რომლებიც მძღლის და მგზავრის მდგომარეობას აკონტროლებენ. გარდა ამისა, ელექტრონული სისტემა კონსიერჟის მომსახურებასაც შემოგთავაზებთ. სხვათა შორის, მას თქვენთან საუბრის უნარიც გააჩნია.

დაბოლოს, კონცეპტუალური ავტომობილი ოთხი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი. მათი ჯამური სიმძლავრე 750 ცხენის ძალაა, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 4 წამზე ნაკლებში აკრიფოს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ის ნიშნულზე არის შეზღუდული.

ელემენტების ბლოკი ავტომობილის ძირშია განლაგებული, რითაც შესაძლებელი გახდა სიმძიმის ცენტრის მაქსიმალურად დაბლა დაწევა. მათი ტევადობა 500 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა. კონცეპტის ეკიპირებაშია სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა, რომელიც 5 წუთში ელემენტებში საკმარის ენერგიას აგროვებს იმისთვის, რომ კაბრიოლეტმა 100 კილომეტრის გავლა შეძლოს.