Mercedes-Benz-ი ელექტრომობილების სეგმენტში პირველ ნაბიჯს დგამს – პარიზის მოტორ შოუზე წარდგენილი, უგზოობის კონცეპტუალური ელექტრომობილი Generation EQ არის წინამორბედი სერიული ავტომობილისა, რომელიც ახალი ქვებრენდის (EQ) სახელით, კონკურენციას გაუწევს Tesla-ს და ელექტრომობილების სეგმენტის სხვა ლიდერებს.

მოკლედ Generation EQ-ს აღჭურვილობის და შესაძლებლობების შესახებ: მის მოძრაობას ორი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 402 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი, რომელსაც პირველივე ბრუნიდან ავითარებს – 700 ნიუტონმეტრი. მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალი მუდმივად ღებულობს. შესაბამისად, ავტომობილი სრულ ამძრავიანია.

ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი წინა და უკანა ღერძებს შორის არის მოთავსებული. ელემენტები საკუთრივ Daimler-ის მიერ არის შემუშავებული და მათი ტევადობა 70 კილოვატსაათია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ქროსოვერმა ერთი სრული დამუხტვით 500 კილომეტრამდე გაიაროს. ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 5.0 წამზე ნაკლებში შეუძლია. Mercedes-ს არ დაუზუსტებია, რა დროშია შესაძლებელი ელემენტების სრული დამუხტვა. თუმცა გვპირდება, რომ სულ მალე, შეიქმნება ისეთი სწრაფი დასამუხტი სისტემები, რომელთა წყალობითაც, 100 კილომეტრის გასავლელად საკმარისი ენერგიის 5 წუთში მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Mercedes-მა თავისი ახალი ქვებრენდისთვის პირველ ავტომობილად ქროსოვერი იმ მარტივი მიზეზის გამო შეარჩია, რომ ეს სეგმენტი მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. რაც შეეხება დიზაინს, Generation EQ დინამიური და იმავდროულად, სადა ფორმებით გამოირჩევა. ამ ავტომობილის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას ფსევდო რადიატორი იქცევს, რომელიც შავი ფერისაა. მის ცენტრში თეთრი ილუმინაციით გამოსახულია გერმანული კომპანიის ემბლემა – სამქიმიანი ვარსკვლავი, მის გარშემო კი, ცისფერი ილუმინაციით, „რადიატორის ცხაურის“ ჰორიზონტალური ზოლებია გამოსახული.

mercedes-benz-generation-eq-concept-paris-10

სალონში ოთხი ინდივიდუალური სავარძელი განლაგდა, რომელთა საკისრეებშიც სპიკერებია მოთავსებული. მათი წყალობით, შესანიშნავი აკუსტიკური ფონი იქმნება. საჭის რგოლის უკან, დიდი მოდულური ეკრანი მოთავსდა, რომელზეც პრაქტიკულად ყველანაირი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. თითო ეკრანი კი წინა სავარძლების უკანა მხარეს განლაგდა.

Mercedes-ი ამბობს, რომ მუშაობს ისეთ მოდულურ არქიტექტურაზე, რომელსაც მხოლოდ ქვებრენდ EQ-ს ელექტრომობილებისთვის გამოიყენებს. მათგან პირველი, კონცეპტ Generation EQ-ს სერიული ვერსია იქნება, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოვა. რაც შეეხება ფასს, კომპანიის შეფი დიტერ ცეტშე ამბობს, რომ დაახლოებით ელექტრომობილი იმავე ფასში გაიყიდება, რაც კარგად ეკიპირებული GLC ღირს.

mercedes-benz-generation-eq-concept-paris-8