მერსედსის ფ1-ის გუნდის არააღმასრულებელ დირექტორ ნიკი ლაუდას თქმით, ფერარის მიერ ჩამორჩენის მკვეთრად შემცირების მიუხედავად, მისი გუნდი, თავისი ძალური დანადგარის მოდიფიცირების უფლების ბოლომდე გამოყენებას არ იჩქარებს.

მალაიზიაში სებასტიან ფეტელის გამარჯვების შემდეგ, ბაჰრეინში კიმი რაიკონენმა მეორე ადგილი დაიკავა და როგორც ნარბოლევს სამქიმიანების შეფმა ტოტო ვოლფმა თქვა, კიდევ ერთი წრე და ფინიშთან პირველი ფერარის პილოტი მივიდოდა, რადგან ლიდერ ლუის ჰამილტონის მანქანაზე მუხრუჭების პრობლემები წარმოიქმნა.

ფერარის მიახლოების მიუხედავად, გერმანული საჯინიბო არ იჩქარებს იმ პირობითი მარკერების გამოყენებას, რომლებიც ძრავის ნწილობრივი გაუმჯობესების უფლებას აძლევს. სხვათა შორის, ფერარიმ ბაჰრეინში განახლებული ძრავებით იასპარეზა და მალე კიდვ უფრო დახვეწს თავის აგრეგატებს.

Petronas-Sponsor

„გაძეტა დელო სპორტის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა „მერსედესი“ ახალი ძრავების გამოყენებას, ლაუდა პასუხობს: „არა. ეს ხომ ჯერ მხოლოდ მეოთხე რბოლა იყო. ის, რაც დღეს შეიძლება ვინმეს მეტოქის უპირატესობად მიაჩნია, სეზონის მეორე ნახევარში ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს“.

იმავდროულად, ლაუდა ამბობს, რომ მანქანას სერიოზული მოდიფიკაციები უკვე შემდგომი რბოლისთვის ჩაუტარდება. „მთავარია, ჩვენი სამუშაო გეგმა ნაუცბათევად არ შევცვალოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მანქანაზე ბევრი სიახლე ბარსელონაში გვექნება“, – დასძენს ლაუდა.

მართალია, გასული სეზონის ჩავარდნის შემდეგ, მარანელოელებისგან ასეთ პროგრესს არავინ ელოდა, მაგრამ სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ლაუდას თქმით, რომ მას არ უკვირს, რომ „მერსედესს“ ასეთი ძლიერი მეტოქე გამოუჩნდა: „რეალურად, ფ1-ში ყოველთვის განიცდი ზეწოლას. ამ მხრივ, გასული სეზონი ანომალია იყო. და მაშინაც კი, არ მქონია იმის ილუზია, რომ ასეთ დომინაციას გავაგრძელებდით. მართლა არ მიკვირს, რადგან მათი გამოცოცხლება ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო ჯეიმსმა (ელისონმა), როცა გუნდის რესტრუქტურიზაციას შეუდგა“.

Petronas-Sponsor-Footer