Mercedes-Benz-ში დიდი მონდომებით მუშაობენ იმაზე, რომ მალე მყიდველს ოთხი ელექტრომობილი შესთავაზონ. ამ ოთხიდან ორი სედანი იქნება, ორიც – ქროსოვერი. ჟურნალ „ავტოქარის“ ინფორმაციით, ყოველ მათგანს, თავისი კლასის შიდაწვისძრავიან მოდელთან ბევრი საერთო ექნება. მაგალითად, სახურავის სტრუქტურა, საქარე შუშა და სხვა.

მაგრამ ბრიტანული გამოცემა ასევე გვიყვება, რომ ეს ავტომობილები განსხვავებული დიზაინით იქნება გამორჩეული. მათში უმალ ამოიცნობთ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილს. სამქიმიანების ელექტრომობილები კონკურენციას Tesla Model S-ს და Audi-ს კონცეპტ E-tron Quattro-ს სერიულ ვერსიას გაუწევენ.

ჯერჯერობით, ამ ოთხ ელექტრომობილზე ინფორმაცია შეზღუდულია. „ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ელექტრული სედანები სტრუქტურულ კომპონენტებს C-Class-ისგან და S-Class-ისგან გაიზიარებენ, ქროსოვერები კი – GLA-სა და GLC-სგან. უფრო მეტიც, GLA-ს ბაზაზე შექმნლ ელექტრომობილს B-Class Electric Drive-ის პლატფორმაზე ააგებენ, დანარჩენი სამისთვის კი მოდულურ პლატფორმა MRA-ს ახალ ვერსიას გამოიყენებენ, რომელიც სპეციალურად ელექტრული მოდელებისთვის დამზადდება.

ამ ახალ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება როგორც უკანა, ასევე სრულ ამძრავიანი მოდელების დაფუძნება. ამასთან, ძრავების რაოდენობა შეიძლება სამიც კი იყოს. პარალელურად, Mercedes-ი საკუთარი კონსტრუქციის ელექტრო ძრავებზეც მუშაობს, რომელთა სიმძლავრეც, 101-დან 536 ცხენის ძალამდე იქნება.

რაც შეეხება ელექტრო ძრავების კვების წყაროს, ამ საქმეში სამქიმიანების პარტნიორი Accumotive ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკებს შეიმუშავებს, რომელთა დახმარებითაც, „მერსედესის“ ელექტრომობილები საშუალოდ 400 კილომეტრის გავლას შეძლებენ.