მერსედეს-ბენცი ბაზრის იმ სეგმენტში შესვლას აპირებს, სადაც ჯერ არასდროს უმუშავია. ლაპარაკია პიკაპის კლასის ავტომობილებზე, რომლის წარმოებასაც გერმანული კომპანია ახლო მომავალში დაიწყებს. შტუტგარტელთა კომერციული ავტომობილების შტომ გამოაქვეყნა რელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ათწლეულის ბოლოს, ბაზარზე მისი პირველი პიკაპი გამოვა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პიკაპი კომპანიის გაყიდვების შემდგომ ზრდას უზრუნველყოფს. „ეს იქნება ავტომობილი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი ბრენდის იმ სტანდარტებს, რომლებიც უსაფრთხოებას, კომფორტს, სიმძლავრეს და ფასეულობას შეეხება“, – გვპირდება „მერსედესი“.

რელიზთან ერთად, შტუტგარტელებმა თავიანთი მომავალი სიახლის ესკიზის ფოტო ტიზერიც გამოაქვეყნეს. მასზე საშუალო ზომის პიკაპია გამოსახული, რომელსაც ისეთ პოპულარულ ავტომობილებთან მოუწევს კონკურენცია, როგორებიცაა „ფორდ რეინჯერი“ და „ტოიოტა ჰაილუქსი“.

საინტერესოა, რომ იმ ბაზრებს შორის, სადაც გერმანული კომპანია თავისი პირველი პიკაპის შეტანას გეგმავს, არაა მოხსენიებული შეერთებული შტატები, სადაც პიკაპის კლასის ავტომობილები ყველა დანარჩენზე მეტად პოპულარულია. სამაგიეროდ, სამქიმიანი ემბლემით დამშვენებული პიკაპები ავსტრალიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში გაიყიდება.

გერმანულმა კომპანიამ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. ჯერ მასზე კონკრეტული ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ სავარაუდოდ, პიკაპის შემუშავებისას, „მერსედესს“ პარტნიორობას „რენოს“ და „ნისანის“ ალიანსი გაუწევს, რომელთან ერთადაც „დაიმლერს“ უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული.