შტუტგარტული ავტოგიგანტი ელექტრომობილების ფრონტზე აქტიურდება – ახლახანს მისმა ხელმძღვანელობამ, ოთხი ელექტრომობილის წარმოებას აუნთო მწვანე შუქი. ახალი გეგმა ჯამში 2 მილიარდი ევროს ინვესტიციას ითვალისწინებს. პირველი ელექტრომობილი ბაზარზე 2018 წლამდე გამოვა და ეს იქნება სედანი, რომელიც თავისი გაბარიტებით, C და E კლასის შუაში დადგება. მას მალე მოჰყვება დაახლოებით იმავე გაბარიტების ელექტრული ქროსოვერი.

ეს ორი ავტომობილი კონკურენციას Porsche-ს ელექტრულ სედან Mission E-ს და Audi-ს ქროსოვერ Q6 e-Tron-ს გაუწევენ, რომელთა გაყიდვების დაწყების სავარაუდო დრო ასევე 2018 წელია. სამქიმიანთა შემდეგი ორი ელექტრომობილი უფრო მსხვილგაბარიტიანი იქნება. მესამე ელექტრომობილი უნდა იყოს ახლანდელ GLS-ზე დიდი ზომის, უგზოობის ელექტრომობილი, ბოლოს კი ბაზარზე დაახლოებით S-კლასის სედანის ზომის სედანი გამოვა.

Signs-Off-Four-New-All-Electric-Models-1

პირველი ორისთვის, სრულიად ახალი არქიტექტურა მუშავდება, რომელსაც ამჟამად EVA მოიხსენიებენ. უფრო დიდი მოდელებისთვის კი ამავე პლატფორმის მოდიფიცირებული ვერსია, EVA Phase II მომზადდება. ამ პლატფორმაში გამოყენებული იქნება უკანა ამძრავიან პლატფორმა MRA-ს კომპონენტები. ელემენტების ბლოკი, რომლის წონაც 400 კილოგრამს მიაღწევს, შასის ძირზე მოთავსდება.

ამ მოდელებიდან ზოგი თითო ელექტრო ძრავით აღიჭურვება, ზოგი კი – ორი ელექტრო ძრავით. ელემენტების ბლოკებიც სტანდარტული და გაზრდილი ტევადობის იქნება. ამასთან მყიდველს ორ და სრულ ამძრავიან ვერსიებს შესთავაზებენ.

Mercedes-Benz’ი იმედოვნებს, რომ ყოველ ელექტრო მოდელს წლიურად მინიმუმ 20 000 ცალს გაჰყიდის.