ადრე თუ გვიან, ელექტრომობილები საავტომობილო ბაზარზე მყარად მოიკიდებენ ფეხს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ შიდაწვისძრავიანი ავტომობილები სრულად გამოიდევნება ჩვენი ცხოვრებიდან, მაგრამ გამონაბოქლვზე მუდმივად გამკაცრებადი ტექნიკური მოთხოვნები ავტომწარმოებლებს გამოსავლისკენ უბიძგებენ. საუკეთესო გამოსავალი კი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილია.

მოკლედ, სადაო არაა, რომ ელექტრომობილი მალე აღარავის გააკვირვებს. მთავარია, მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა მოგვარდეს და როცა ასე მოხდება, ავტოკომპანიები სუპერ ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებენ. პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია – ჯერ პატარა დამწყები კომპანიები რისკავენ ასეთების გამოშვებას. თან ზოგი მათგანი, თავის ელექტრულ ტექნოლოგიას რბოლებში ცდის. მაგალითად, სამთო რბოლა პაიკს პიკზე. ჰიბრიდული სუპერ ავტომობილები კი, როგორებიცაა Ferrari LaFerrari, McLaren P1 და Porsche 918 Spyder-ი, უკვე ბესტ სელერები გახდნენ.

Mercedes ELK21

მოკლედ, მალე ელექტრომობილების დრო დადგება და ამასთან დაკავშირებით, საავტომობილო დიზაინერმა, სახელად ანტონიო პალიამ Mercedes-Benz-ის ელექტრული სუპერ ავტომობილის მისეული ხედვა შეიმუშავა. სახელად კი ELK დაარქვა. საინტერესოა, რომ პროექტის ავტორმა თავისი ქმნილების ორი – საგზაო და სატრეკო ვერსიები დააპროექტა.

რა თქმა უნდა, კონცეპტი მომავლის არაერთი ტექნოლოგიის გამოყენებას ითვალისწინებს. ოღონდ, ის მხოლოდ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ცალკეულ დეტალებსა და დახვეწილ აეროდინამიკაზე ლაპარაკობს. საინტერესოა, რომ პალიამ სატრეკო ELK იმავე ფერებში გამოაწყო, რომელიც Mercedes-ის ფ1-ის ბოლიდებისთვისაა დამახასიათებელი.