BMW პირველი პრემიუმ კომპანიაა, რომელმაც ეკოლოგიური ავტომობილების წარმოებაზე ორიენტირებული ქვე-ბრენდი აამუშავა. ბიზნესის ეს ფორმულა წარმატებული გამოდგა და ამის გამო, მსგავსი გზით წასვლას, ბავარიელთა ძველი მეტოქე, Mercedes-Benz-იც აპირებს.

ეს ინფორმაცია, შტუტგარტული კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის შეფმა, ოლა კალენიუსმა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას გააჟღერა. ის ამბობს, რომ მისი კომპანია ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას გააფართოებს. ასეთი ავტომობილების გამაში შევა 10 პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომლებიც ბაზარზე მომავალი წლის ბოლომდე გამოვა.

Mercedes-Benz-Vision-Tokyo-2

„ჩვენ ელექტრომობილებისთვის რაღაც ქვე-ბრენდის მსგავსის შექმნა მოგვიწევს. თუმცა ამ მომენტში, Mercedes-ი ფოკუსირებულია იმაზე, რომ უზარმაზარი რესურსები მოახმაროს ნულოვანი გამონაბოლქვის ტექნოლოგიების შემუშავებას და სრულყოფას. ეს კი მთლიან პორტფელზე აისახება“, – ამბობს კალენიუსი.

Mercedes-Benz-Vision-Tokyo-4

მას კონკურენტი კომპანია არ უხსენებია, თუმცა თქმაც ზედმეტია, რომ თუ სამქიმიანები ახალ ეკოლოგიურ ქვე-ბრენდს ჩამოაყალიბებენ, ის მისი ძირითადი კონკურენტი სწორედ ბავარიული კომპანიის i ქვე-ბრენდი იქნება, რომელიც ამჟამად ორ მოდელს – ჰეჩბეკ i3-ს და სპორტულ i8-ს აწარმოებს.

მანვე განაცხადა, რომ მალე მისი კომპანია სამ ახალ ელექტრულ ავტომობილს გამოუშვებს. მათგან ერთს Mercedes-Benz-ის სახელით – ეს იქნება B-Class-ის ელექტრული ვერსია, ორს კი – Smart-ის სახელით. მომავალ წელს კი მათ წყალბადის ელემენტებით აღჭურვილი GLC მოჰყვება.

Mercedes-Benz-Vision-Tokyo-10