შანჰაის ავტო შოუზე, „მერსედეს-ბენცმა“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, „GLC კუპე“ წარადგინა, რომლის სერიული ვერსიაც, შტუტგარტული კომპანიის გამაში უგზოობის მეშვიდე ავტომობილი გახდება. ფაქტობრივად, ეს არის „GLE კუპეს“ სტილში შესრულებული, მასზე მომცრო ავტომობილი, რომელიც ფაქტობრივად, მაღალი კლირენსის მქონე ოთხკარიანი კუპე/ფასტბეკია.

მისი ამოსაცნობი ნიშანია რადიატორის ცხაური და მასზე მოთავსებული ემბლემა, რომელიც ცხაურზე მოთავსებულ ორ განოვ ზოლშია ჩასმული. რთული ფორმა აქვს წინა ფსევდო ბამპერს, რომლის შუა ქვედა ნწილშიც, ავტომობილის ძირის დამცავი დაფა განლაგდა, ორივე დაბოლოება კი ჰაერის ამღებებს ქვევიდან საზღვრავს. რადიატორის ორივე კიდეში, შევიწროებული თხევადკრისტალური ფარები განლაგდა.

კონცეპტუალური ავტომობილი უზარმაზარ, 21-დუიმიან ბორბლებზე დგას, თუმცა სერიულ ვერსიაზე ბორბლის ზომა შემცირდება. „GLC კუპეს“ სიგრძე 4 730 მილიმეტრია, სიგანე 2 000 მილიმეტრი და სიმაღლე 1 600 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 830 მილიმეტრია. გრძელი ბაზის წყალობით, სალონში მეტი სივრცეა და დიზაინერებს იმის საშუალებაც მიეცათ, რომ მანქანას მოკლე გადმონაშვერები ჰქონოდა, რაც მას დამატებით აგრესიულ გარეგნობას ანიჭებს.

Mercedes-GLCCOUPE-01

კაპოტქვეშ განლაგდა „C450 AMG სპორტის“ წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი V6 ძრავი, 367 ცხენის ძალას და 520 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი „9G-ტრონიკია“ დაკავშირებული, რომელიც მუდმივი მოდების სრულამძრავიან სისტემა „ფოურმატიკის“ მეშვეობით, მამოძრავებელ ძალას ყველა ბორბალს გადასცემს.

სამქიმიანებს კონცეპტუალური ავტომობილის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა შანჰაის შოუზე „მერსედეს-ბენცის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „GLC კუპეს“ შთამბეჭდავი აჩქარება აქვს.