Mercedes-მა ლეგენდარული Geländewagen-ი გამოუშვა, როგორც სამხედრო დანიშნულების ავტომობილი. თუმცა, შემდგომში მისმა მოდერნიზებულმა ვერსიამ, სამოქალაქო ბაზარზე შეაღწია და მალევე მოიპოვა პოპულარობა. უფრო მეტიც, სიმდიდრის და მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის განუყოფელი ნაწილი გახდა.

არადა, ის ყოველთვის იყო უხეში ფორმის, კუთხეებიანი ავტომობილი, რომელიც ემბლების გარდა, ალბათ ვერაფრით გახდებოდა პოპულარული. ასეთი გარეგნობით, ის ნამდვილი „სოფლის ავტომობილი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად, სოფლისთვის არავის შეუძენია. მას მხოლოდ ქალაქის ქუჩებში, პრესტიჟულ უბნებში ნახავთ.

ეს ყველაფერი საკმარისი საბაბი გახდა Mercedes-ისთვის, რათა ახალი საუკუნის დასაწყისში, G-Wagen-ის ტოპ ვერსიები უკვე AMG-ს ვერსიების სახით გამოეშვა. მართალია, წლების განმავლობაში, ამ ავტომობილის გარეგნობაში პრაქტიკულად არაფერი იცვლება, მაგრამ ეს მის გაყიდვებზე არაფრით აისახება. არც ის, რომ ყველაზე იაფი ვარიანტი 100 000 დოლარზე მეტი ღირს.

ამ ყველაფერმა, Daimler-ის ხელმძღვანელობა ლოგიკურ დასკვნამდე მიიყვანა: G-Class-ისგან გაცილებით მეტი მოგების მიღებაა შესაძლებელი. ამისათვის კი გერმანულმა კომპანიამ პატარა G-Wagen-ი უნდა გამოუშვას. ამ ავტომობილს ამჟამად GLB-ს სახელით მოიხსენიებენ. გამაში მან GLA-ს და GLC-ს შორის უნდა დაიკავოს ადგილი. ის MFA2 პლატფორმაზე აიგება და შტუტგარტელები მის გრძელ და მოკლებაზიან ვერსიებს გამოუშვებენ.

გავრცელებული (არაოფიციალური) ინფორმაციით, GLB ბაზარზე 2019 წელს გამოვა. გარეგნობით ის შეიძლება კონცეპტ Ener-G Force-ს (ფოტოზე) დაემსგავსოს, რომელიც შტუტგარტელებმა ლოს ანჯელესის 2012 წლის მოტორ შოუზე წარადგინეს.