მრავალთვიანი მოლოდინი დასრულდა, Mercedes AMG-მ წარმოგვიდგინა მსოფლიოში პირველი ჰიპერ ავტომობილი, რომელიც ფორმულა 1-ის ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი. ოღონდ, იმ ძალურ დანადგარს, რომლითაც ლუის ჰამილტონმა და ნიკო როსბერგმა მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტული მოიპოვეს, სპეციალური მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რათა საგზაო ავტომობილისთვის მიესადაგებინათ.

ავტომობილს 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი და ოთხი ელექტრო ძრავი ემსახურება. ამათგან წინა ორი ძრავი ინჟინრული შედევრია – მათი ბრუნთა რიცხვები წუთში 50 000-ს აღწევს. შედარებისთვის, ამჟამდ ბაზარზე არსებული საუკეთესო ელექტრო ძრავების მაქსიმალური ბრუნვები 20 000-ს შეადგენს. მესამე ელექტრო ძრავი ტურბო კომპრესორთან არის ინტეგრირებული (როგორც ფ1-ის ძრავის შემთხვევაშია), მეოთხე კი უშუალოდ შიდაწვის ძრავთან არის დაკავშირებული. თითოეული წინა ძრავთაგან, 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, შიდაწვის აგრეგატთან დაკავშირებული ელექტრო ძრავის სიმძლავრეც იგივეა, ტურბოსთან გაერთიანებული კი 120 ცხენის ძალას იძლევა. მთელი ამ ავლა-დიდების ჯამური სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაზე მეტია.

როგორც Mercedes AMG აცხადებს, ტურბოსთან ელექტრო ძრავის შეწყვილებით, არამხოლოდ ტურბო ჩამორჩენის სრულად აღმოფხვრა მოხერხდა, არამედ აქსელერატორის გადაადგილებაზე ამ აგრეგატის რეაგირება უფრო სწრაფიც კი არის, ვიდრე V8 ატმოსფერულ ძრავებზეა. თვითონ ტურბო კომპრესორის გამონაბოლქვ აირებზე მომუშავე და ჰაერის დაჭირხვნაზე მომუშავე ტურბინები დაცალკევებულია და მათ სწორედ ელექტრო ძრავის ლილვი აკავშირებს.

ფორმულა 1-დან გადმოტანილი ძალური დანადგარის მეშვეობით, Project One-ს მაქსიმუმ 350 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ადგილიდან 200 კმ/სთ-მდე (ორას და არა ას!) ასაჩქარებლად კი 6 წამზე ნაკლები ჰყოფნის! გარდა ამისა, ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ძრავებით, 25 კილომეტრის გავლა შეუძლია. ფ1-ს სარბოლო ავტომობილიდან გადმოინაცვლა ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკმა და მისი გაგრილების სისტემამ. ისევე როგორც ფ1-ში, ძალურ დანადგარს ენერგიის აღდგენის რეჟიმში მუშაობაც შეუძლია და ამ დროს, ელემენტების ბლოკს 80 პოროცენტით ავსებს.

შიდაწვის ძრავთან სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომტიზებული მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა. ის მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს გადასცემს. გადაცემათა კოლოფის მართვა ჰიდრავლიკური სისტემით ხდება და მას აქვს როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური რეჟიმი. მეორე შემთხვევაში, გადაცემების გადართვა ფ1-ის სტილში, საჭესთან არსებული ბერკეტებით ხდება.

Project One აგებულია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურაზე, რომელსაც ფ1-ის სტილში, უშუალოდ უკავშირდება ძალური დანადგარი და ტრანსმისია, რომლებიც გრეხვით ძალებს ინაწილებენ და ავტომობილის მზიდი სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ. უკან საკიდარი სწორედ მათზეა აწყობილი.

ინტერიერში ორი სარბოლო ყაიდის სავარძელი განლაგდა. ცენტრალურ კონსოლზე კი ორი 10-დუიმიანი სენსორული ეკრანია მოთავსებული. მართვის რამდენიმე ელემენტი (მათ შორის საკიდარის სარეგულირებელი) საჭის რგოლზეა გადატანილი, რომელსაც ზედა და ქვედა წაბრტყელებული ნაწილები აქვს. საჭის ცენტრში კი აირბალიშია მოთავსებული. ავტომობილს არ აქვს უკანა შუშა და ამის გამო, შიდა სარკეს კამერა ცვლის.

Mercedes AMG მხოლოდ 275 ცალი Project One-ის დამზადებას აპირებს და ყველა მათგანი მარცხენა საჭიანი იქნება. თითოეული ავტომობილი 2.27 მილიონი ევრო ღირს. სხვათა შორის, გერმანულ კომპანიას ყველა მათგანზე შეკვეთა უკვე მიღებული აქვს. მათს შესრულებას კი მოგვიანებით დაიწყებს – ჯერ არ დასრულებულა ავტომობილის სრულყოფის და ტესტირების პროცესი, რასაც დაახლოებით 18 თვე დასჭირდება.