პარიზის მოტორ შოუზე, Mercedes-მა თავის სუპერ ავტომობილ AMG GT-ს ღია ვერსიის, AMG GT Roadster-ის პირველი ჩვენება მოაწყო. კუპეს მსგავსად, შტუტგარტელები ამ ავტომობილსაც მყიდველს ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. ერთია საბაზო GT, რომელსაც 469-ცხენისძალიანი ძრავი ემსახურება და მეორე კი – უფრო ტემპერამენტიანი GT C, რომლის კაპოტქვეშაც 547 ცხენის ძალაა თავმოყრილი.

GT C Roadster ასევე იმ ელემენტებითაც გამოირჩევა, რომლებიც პირველად GT R კუპეზე გამოიყენეს. ესაა უკანა მართვადი ბორბლები, ელექტრონიკით ბლოკირებადი დიფერენციალი, აქტიური აეროდინამიკა და უკანა ბორბლების განიერი კვალი. ეს ყველაფერი, ავტომობილის მართვის გაუმჯობესებას და მანევრულობას განაპირობებს.

მოდიფიკაცია ჩაუტარდა 7-საფეხურიან ორქუროიან ავტომატურ ტრანსმისიას, რის შემდეგაც, გაიზარდა პირველი საფეხურის გადაცემის რიცხვი და შემცირდა მეშვიდე საფეხურის გადაცემის რიცხვი. გარდა ამისა, ტრანსმისიას ახალ, სარბოლო (Race) რეჟიმში მუშაობაც შეუძლია. AMG GT C Roadster-ს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 3.7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 316 კილომეტრია. საბაზისო GT Roadster-ის შესაბამისი მაჩვენებლები კი არის 4.0 წამი და 301 კმ/სთ.

ავტომობილს აქვს რბილი მოსახსნელი სახურავი, რომელიც ავტომტურ რეჟიმში, 11.0 წამში იხსნება, ან იკეცება. ოღონდ, ამ დროს სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს. სახურავი სამ ფერში – შავად, წითლად და კრემისფრად იღებება. ღია ვერსია კუპეზე ძვირი ეღირება და მისი ვერსია GT C შეზღუდული ტირაჟით დამზადდება.