Mercedes-AMG-მ თავისი ახალი ფლაგმანი, სატრეკო სუპერ ავტომობილი GT R გაგვაცნო, ავტომობილი, რომელიც დაპირებისამებრ, თავისი აგრესიული და იმავდროულად, დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა და მომხმარებელს არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა ოთხივე მართვადი ბორბალი და აქტიური აეროდინამიკური ელემენტები, ასევე სარბოლოდ მოდიფიცირებული საკიდარი, გაძლიერებული ძრავი და სარბოლო ტრექშნ კონტროლი, ცხრა სამუშაო რეჟიმით.

Mercedes-AMG-GT-R-2

ახალი ავტომობილი AMG GT S-სთან შედარებით, 15 კილოგრამით მსუბუქია და 1 554 კილოგრამს იწონის. GT R აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 585 ცხენის ძალას (GT S-ის სიმძლავრე 510 ცხ.ძ-ა) და 700 ნიუტონმეტრს (1 900-5 500 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებულია 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც საფეხურების სწრაფი ცვლით გამოირჩევა.

ამ ტანდემის დახმრებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.6 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 318 კილომეტრს აღწევს. შედარებისთვის, GT S-ს სტანდარტული აჩქარებისთვის 0.2 წამით მეტი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 8 კმ/სთ-ით ნაკლებია.

Mercedes-AMG-GT-R-18

ძრავის სიმძლავრის გასაზრდელად, ინჟინრებმა ახალი ტურბინები გამოიყენეს, რომლების წნევაც 1.2-დან 1.35 ბარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ძრავი ორმასიანი, 700 გრამით მსუბუქი მქნევარით აღიჭურვა. გაიზარდა ძრავის კუმშვის ხარისხი. შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა, ძრავი უფრო ეფექტური გაგრილების სისტემით აღიჭურვა. ასევე შეიცვალა ძრავის მართვის პროგრამა. გადაცემათა კოლოფში შეიცვალა გადაცემის რიცხვები, გაგრილების სისტემა, მართვის პროგრამა, რომელიც გადაცემების სისწრაფეს, სისტემა „დაინემიკ სელექტის“ რეჟიმის შესაბამისად იცვლება.

სატრეკო ავტომობილი სტანდარტულისგან ბორბლების გაგანიერებული კვალითაც გამოირჩევა. კერძოდ, წინა ბორბლების კვალი 46 მილიმეტრით გაიზარდა, უკანებისა კი – 57 მილიმეტრით. ეს ყველაფერი, ავტომობილის მდგრადობას და მანევრულობას აუმჯობესებს. შეიცვალა ბორბლებიც. GT R 19 (წინ) და 20-დუიმიან (უკან) 10-წკირიან მსუბუქ ბორბლებზე დგას, რომლებიც Michelin-ის მარკა Pilot Sport Cup 2 საბურავებით (275/35 ZR 19 წინ და 325/30 ZR 20 უკან) არის შემოსილი.

Mercedes-AMG-GT-R-16

ეს არის AMG-ს პირველი ავტომობილი, რომელსაც მართვადი უკანა ბორბლები აქვს. როცა ავტომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ და ნაკლებია, უკანა ბორბლები, წინების საპირისპირო მიმართულებით მობრუნდება. მობრუნების კუთხე კი მაქსიმუმ 1.5 გრადუსია. ეს დაბალი (ამ ავტომობილისთვის დაბალი) სიჩქარით მოსახვევის გავლას აუმჯობესებს. გარდა ამისა, შემცირდა მოხვევის რადიუსი. მაგრამ თუ სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე მაღალია, მაშინ უკანა ბორბლები, წინების მიმართულებით უხვევს. ასე ვირტუალურად იზრდება ავტომობილის ბაზა და უმჯობესდება სტაბილურობა.

აქტიური აეროდინამიკური ელემენტი, ავტომობილის ძრავის სეგმენტის ძირზე, წინა მხარესაა მოთავსებული. როცა სიჩქარე 80 კმ/სთ-ზე მაღლა ადის და ავტომობილი სარბოლო რეჟიმში მუშაობს, ეს ელემენტი 40 მილიმეტრით ავტომატურად დაბლა დაიწევს, რითაც იცვლება ავტომობილის ქვეშ გამავალი ჰაერის ნაკადის მიმართულება და ინტენსივობა. მისი მეშვეობით, 250 კმ/სთ სიჩქარეზე, წინა ღერძზე დინამიკური დატვირთვა 40 კილოგრამით იზრდება. გარდა ამისა, AMG GT R უფრო სტაბილურია სწრაფ მოსახვევებში. უკან განლაგებულია ანტი ფრთა, რომლის დახრის კუთხის რეგულირებაც ხელით არის შესაძლებელი. მისი დახმარებით, მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობისას, უკანა ღერძზე დინამიკური დატვირთვა 155 კილოგრამით იზრდება.

Mercedes-AMG-GT-R-15

რადიატორის ცხაურის უკანა ნაწილში განლაგებულია ერთგვარი ვერტიკალური ჟალუზები, რომლებიც რადიატორის გარკვეულ სეგმენტს ავტომატურად კეტავენ, ან სრულად აღებენ. ძრავის მაღალი დატვირთვის დროს, სიჩქარეზე ისინი იღებიან და მაქსიმალურ გაგრილებას უზრუნველყოფენ. მაღალ სიჩქარეზე კი, ძრავის დატვირთვის შესაბამისად, ნაწილობრივ ან სრულად იკეტებიან და ამგვარად, ჰაერის შემხვედრი ნაკადის წინაღმდეგობას ამცირებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით განიერი ბორბლების და ძარის მიუხედავად, AMG GT R-ი გაუმჯოებესებული აეროდინამიკური კოეფიციენტითაც გამოირჩევა.

შტუტგარტელები AMG GT R-ზე შეკვეთების მიღებას 21 ნოემბერს დაიწყებენ. მიწოდება კი მომავალი წლის მარტიდან დაიწყება.