ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე, Mercedes-AMG-ს კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე, GT Concept-ია. ეს არის მომავალი სერიული მოდლის პირველი ვერსია, რომელმაც ბაზარზე, Porsche Panamera-ს უნდა გაუწიოს კონკურენცია. ეს იქნება შტუტგარტელთა პირველი ავტომობილი, რომელიც მეტსახელ EQ Power+ს ატარებს.

სხვათა შორის, ეს მეტსახელი უკვე გამოსახულია ფორმულა 1-ის ახალ სარბოლო ავტომობილზე, რომლითაც „მერსედესის“ გუნდი წლევანდელ სეზონში იასპარეზებს. ამ მეტსახელით მომავალში ის სერიული ავტომობილები აღინიშნება, რომლებიც მძლავრი ჰიბრიდული აგრეგატებით იქნება აღჭურვილი.

GT Concept-ი სწორედ ჰიბრიდული ძალური დანადგარით არის აღჭურვილი, რომლის ძირითადი აგრეგატია ის წყვილ ტურბოიანი 4.0-ლიტრიანი V8, რომელიც სერიულ ორკარიან GT-ს ამოძრავებს. მასთან ერთად, ავტომობილს ელექტრო ძრავიც ემსახურება და ორივე ერთად ჯამში 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს კი გაცილებით მეტია Panamera Turbo S E-Hybrid-ის 671 ცხენის ძალაზე. ასეთი სიმძლავრის შედეგი ისაა, რომ სედანს (უფრო სწორი იქნება – ოთხკარიან კუპეს) ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფა სამ წამზე ნაკლებში შეუძლია. როგორც AMG-ს შეფი ტობიას მოერსი ამბობს, ამ მაჩვენებლებით, კონცეპტუალური ავტრომობილი „სუპერ სპორტულ ავტომობილების დონეზეა“.

გერმანული კომპანია ელემენტების ბლოკის ტევადობასა და ელექტრო ძრავით ავტომობილის სვლის სიშორეზე ზუსტ ინფორმაციას ჯერჯერობით არ აქვეყნებს. თუმცა გვარწმუნებს, რომ მათ შთამბეჭდავი მონაცემები აქვთ. ელემენტები იმუხტება როგორც ენერგიის აღდგენის სისტემით, ასევე შიდაწვის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის დახმარებითაც.

ავტომობილი იმავე MRA პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც გერმანული კომპანია C და E კლასის მოდელებისთვის უკვე იყენებს. ძარა ძირითადად კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადბული, რაც ავტომობილის სიმსუბუქეს განაპირობებს. მუხრუჭები კარბონ-კერამიკულია, გარე სარკეები კი კამერებმა შეცვალა.

ჟენევაშივე გამოცხადდა, რომ AMG თავის ჰიპერ ავტომობილს, რომელიც ფორმულა 1-ის მოდიფიცირებული აგრეგატით აღიჭურვება, პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება.