Mercedes AMG-ის ფორმულა 1-ის გუნდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ბელგიის დიდი პრიზის დღეებში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია აპირებს ჰიპერავტომობილის გამოშვებას, რომელიც ფორმულა 1-ის ძრავით აღიჭურვება. გამოცემა Evo Magazine-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ავტომობილის კოდური სახელწოდებაა R50. მისი პროექტირება, დამამთავრებელ ეტაპზეა, მალე მის პირველ პროტოტიპს დაამზადბენ, რომელიც ტესტირებას შეუდგება.

თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ჰიპერავტომობილის ძალური დანადგარის მთავარი აგრეგატი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავი ყოფილიყო. მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ამ დანიშნულებით, ის 1.6-ლიტრიანი ტურბო V6 გამოიყენენ, რომლითაც Mercedes AMG-ს ახლანდელი ბოლიდი W07 არის აღჭურვილი. ენერგიის აღდგენის სისტემასთან წყვილში, ჰიპერავტომობილის ძალური დანდგარის სიმძლავრე 1000-1500 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. აქედან 900 ცხენის ძალა მხოლოდ შიდაწვის ძრავზე მოვა.

F1-mamg

მაგრამ საგზაო ავტომობილზე დაყენების წინ, ამ აგრეგატს გარკვეული მოდიფიცირება დასჭირდება. ჯერ ერთი, მას დასჭირდება სტარტერი, რომელიც ფ1-ის ძრავს არ აქვს, რადგან ის გარე წყაროთი იქოქება. მეორეც, მისი გადაკეთება იქნბა საჭირო, რათა ყოველდღიური სარგებლობისთვის გამოსადეგი იყოს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რესურსი უნდა გაეზარდოს, რათა რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლა შეეძლოს.

არაა გამორიცხული, რომ ძრავის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრამდე გაზარდონ და მეორე ტურბო ძრავიც დაუმატონ, რითაც მისი გამძლეობა გაუმჯობესდება. ძრავის გარდა, ჰიპერავტომობილისთვის შესამუშავებელი იქნება ძირეულად განსხვავებული მახასიათებლების მქონე ტრანსმისია, რომელიც სარბოლო ტრეკის გარდა, საერთო სარგებლობის გზებზეც გამოდგება.

Mercedes-Benz-AMG-Vision-Gran-Turismo-Concept-4[3]

შიდაწვის ძრავის მიერ გამომუშავებული ძალა მხოლოდ უკანა ბორბლებს გადაეცემა, წინებს კი თითო ელექტრო ძრავი მოემსახურება, რომელთა სიმძლავრეც 160-160 ცხენის ძალა იქნება. დაგეგმილია, რომ ავტომობილის წონა უნდა იყოს 1000-1300 კილოგრამის შუალედში. კონსტრუქციაში მეტწილად კარბონს და ალუმინს გამოიყენებენ. გარდა ამისა, ინჟინრები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ აეროდინამიკას და ამ მხრივ, R50 კონკურენციას გაუწევს Aston Martin Red Bull-ის ერთობლივ პროდუქტ AM-RB 001-ს, რომელიც Red Bull-ის გენიალურმა კონსტრუქტორმა ედრიან ნიუიმ შეიმუშავა.

ახალი ავტომობილის პრემიერა AMG-ს დაარსებიდან 50-ე წლის იუბილეს (2017 წელს) დაემთხვევა. მისი ფასი კი მინიმუმ 4.0 მილიონი ევრო იქნება.

Mercedes-Benz-AMG-Vision-Gran-Turismo-Concept-2[3]