Mercedes-AMG-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის შეფ ოლა კალენიუსის თქმით, მისი კომპანია ელექტრომობილების და ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვებას გეგმავს. მანვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი ცენტრი ასევე შეიმუშავებს ავტომობილებს, რომლებიც ქვებრენდ EQ-ს სახელით გაიყიდება. ეს უკანასკნელი Mercedes-Benz-მა ახლახანს დააფუძნა, რათა მისი სახელით, ელექტრომობილები აწარმოოს.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-მა ერთხელ უკვე დაამზადა AMG-ს ელექტრომობილი, რომელიც სუპერ ავტომობილ SLS-ის გადაკეთებული ვერსია (ფოტოზე) იყო. ეს ავტომობილი ძალიან შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა. კალენიუსს არ დაუკონკრეტებია, თუ დაახლოებით როდის იგეგმება Mercedes-AMG-ს ელექტრომობილების და ჰიბრიდების გამოშვება.

აღსანიშნავია, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, Mercedes-AMG არ აპირებდა ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას, რადგან მის ხელმძღვანელობას მიაჩნდა, რომ ასეთი ავტომობილები მეტისმეტად მძიმეა და არ შეეფერება AMG-ს მოთხოვნებს. თუმცა ბაზრის ტენდენციამ ბევრი რამ შეცვალა.

Mercedes-AMG-ს პირველი ჰიბრიდული ავტომობილის სახელი იქნება Project One. ეს უნდა იყოს სრულ ამძრავიანი სუპერ ავტომობილი, რომლის წინა ბორბლებსაც ელექტრო ძრავები მოემსახურება. ეს ავტომობილი აღიჭურვება სისტემა KERS-ით, როგორსაც ფორმულა 1-ში უკვე დიდი ხანია იყენებენ.