Mercedes-Benz-ის ზინდენფილგენის დიზაინის ცენტრმა შეიმუშავა კონცეპტუალური სკულპტურა Aesthetics A, რომელიც კომპანიის სტილის მომავალ განვითარებას გვიჩვენებს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გერმანული კომპანია რვა ახალ მოდელს გამოუშვებს, რომლებშიც Aesthetics A-ის სტილის ცალკეული ელემენტები აისახება. ამ რვა ახალ ავტომობილს შორისაა A და B კლასის მოდელები, ასევე CLA-ს, CLA Shooting Brake-ს და GLA შემცვლელები.

Studio 1: Exterior Design:

Mercedes-ი ამბობს, რომ ეს სკულპტურა არის დიზაინის ახალი მიმდინარეობის – Sensual Purity (მგრძნობიარე სისუფთავე) განვითარების დასაწყისი. სკულპტურის წინა ნაწილით ჩანს, რომ ახალი სტილი, რადიატორის განსხვავებული მოყვანლობით გამოირჩევა. რადიატორის ამ სტილს „პანამერიკენ გრილს“ უწოდებენ, რომელიც პირველად AMG GT-R-ზე გამოიყენეს.

აგრესიული ფორმით გამოირჩევა კაპოტი, რომელიც რადიატორით დაწყებულ ფორმას ავითარებს. მის აგრესიულობას გრძივი ამონატვიფრები განსაზღვრავს, რომლებიც იმავდროულად, კაპოტს სიმტკიცესაც ანიჭებენ. ყურადღებას იმსახურებს ავტომობილის გვერდების გამარტივებული, გლუვი ფორმები, რომლებშიც მკაფიოდ არის გმოყოფილი ბორბლების თაღები.

სკულპტურა იმგვარად არის შესრულებული, რომ თითქოს, მას საბურველი ქვს გადაფარებული. ეს „საბურველი“ გარკვეულ ფორმებს ფარავს. განსაკუთრებით ეს უკანა ნაწილს შეეხება, სადაც მკვეთრად მხოლოდ საბარგულის სახურავი ჩანს. დანარჩენ ფორმას კი „საბურველი“ ფარავს. სკულპტურა ასევე გვიჩვენებს, რომ ეს სტილი გრძელ სალონს მოიაზრებს, რომლის სახურავსაც ერთგვარი მშვილდის ფორმა აქვს.

შტუტგარტელები არ მალავენ, რომ პირველი ავტომობილი, რომელიც ახალი სტილის ელემენტებით შესრულდება, ახალი A-კლასია, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოვა.