Mercedes 300 SLR ის ავტომობილია, რომელზეც ბევრი ჯიბესქელი კოლექციონერი და ავტოგურმანი ოცნებობს. ასეთი სულ შვიდი ცალია შემორჩენილი და მათ შორისაა ვერსია 722. ამ ავტომობილზე ლეგენდარულ სტირლინგ მოსს ნათქვამი აქვს, რომ ესაა „ყველა დროის საუკეთესო სარბოლო სპორტული ავტომობილი“. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ შვიდეულიდან თითოეული ძალიან ძვირად ფასობს. როგორც ამბობენ, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ ადამიანს მეხი ორჯერ დაეცეს, ვიდრე ერთ-ერთ 300 SLR-ს დაეუფლოს.

Mercedes-SLR-3

სამქიმიანებმა ეს ავტომობილი 1955 წელს შეიმუშავეს. ის აღიჭურვა W196-სგან აღებული, 2 981 კუბური სანტიმეტრი მუშა მოცულობის მქონე ერთრიგა 8-ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეც 310 ცხენის ძალაა. ამ ავტომობილით რბოლებში მოსის გარდა, ლეგენდარული არგენტინლი, ფ1-ის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ხუან მანუელ ფანხიო და ფრანგი პიერ ლევეგი მონაწილეობდნენ, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ტრაგიკული სარბოლო კატასტროფის მონაწილე, რომელსაც 84 ადამიანთან ერთად, თავადაც შეეწირა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ ავტომობილს, ლეგენდარული რბოლა მილე მილია აქვს მოგებული (1955 წელს).

Mercedes-SLR-2

მოკლედ, ასეთ ავტომობილზე ოცნებაც კი ზედმეტია. მაგრამ შესაძლებელია მისი მსგავსის, რეპლიკის „თავის ფასად“ შეძენა. კომპან Proteus Sports & Racing Cars-ი სწორედ ამ საქმითაა დაკავებული. მან 300 SLR-ის მხოლოდ ხუთი ცალი რეპლიკა დაამზადა, რომელთაგან ბოლო ეგზემპლარს ორი წელი მოანდომა. ავტომობილის ნაწილების უმეტესობა ორიგინალურია, ალუმინის ძარა და სხვა ელემენტები ხელით დამზადდა.

Mercedes-SLR-5

ძარა, ბრიტანეთში ამ საქმის ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა, კლაივ სმარტმა და მისმა კომპანია Shapecraft-მა დაამზადა. რაც შეეხება ძრავს, ის არის Mercedes-Benz-ის M110, რომელიც მოდელ 280E-ისგან აიღეს. მასთან წყვილში 4-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობს. ორივე კომპანია Crewe Engines-მა აღადგინა.

ეს ავტომობილი მისმა მფლობელმა სააუქციონო სახლ „სილვერსტოუნში“ გამოიტანა. ის 320-360 ათას ევროდ არის შეფასებული. ამგვარად, ეს ერთ-ერთი უძვირესი რეპლიკა ავტომობილია მსოფლიოში. რაც შეეხება ორიგინალურ 300 SLR-ს, ამჟამად ის ბაზარზე არაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აუქციონზე ის თავისუფლად გაიყიდბა 50 მილიონ დოლარად.