29 იანვარი ავტომობილის დაბადების დღეა. 130 წლის წინათ, სწორედ 29 იანვარს დარეგისტრირდა პირველი შიდაწვისძრავიანი სამბორბლიანი ავტომობილი, რომელიც კარლ ბენცმა შექმნა. რეგისტრაცია გერმანიის იმპერიის საპატენტო ოფისმა განახორციელა. მანჰაიმში დაბადებული ინჟინრის ქმნილებისთვის გაცემული პატენტის ორიგინალი, იუნესკოს მსოფლიო მიღწევების პროგრამის ფარგლებშია დაცული.

130 Years of Modern Automobiles 3

პატენტში მოხსენიებული სამბორბლიანი მანქანა 1885 წელს შეიქმნა, მაგრამ საზოგადოების წინაშე პირველად 1886 წლის 3 ივლისს წარსდგა. ეს მანჰაიმში მოხდა. გავიდა კიდევ ორი წელი, სანამ ამ ავტომობილის მესამე მოდიფიკაცია, პირველ შორეულ მოგზაურობაში წავიდოდა. თანაც, საჭესთან კარლის მეუღლე ბერტა იჯდა, რომელმაც ქმრისგან მალულად, თავისი ორი შვილი, მანჰაიმიდან პფორცჰაიმში წაიყვანა და შემდეგ უკანვე დაბრუნდა.

130 Years of Modern Automobiles 2

კარლ ბენცისგან დამოუკიდებლად, თავისი პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი გოტლიბ დაიმლერმა 1886 წელს დაამზადა. ორი გენიალური გერმანელი ინჟინერი მაშინ ერთმანეთს არ იცნობდა. რა იცოდნენ, რომ 1926 წელს მათი კომპანიები გაერთიანდებოდა და ბრენდ Mercedes-Benz-ს წარმოქმნიდა.

ბენცის პირველი ავტომობილი აღჭურვილი იყო ოთხტაქტიანი ერთცილინდრიანი ძრავით. მისი მუშა მოცულობა 954 კუბური სანტიმეტრი იყო და 400 ბრ/წთ-ზე სულ რაღაც, 0.75 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. თუმცა ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მანქანას 16 კმ/სთ სიჩქარე ჰქონოდა…

130 Years of Modern Automobiles 4