ბარსელონაში რბოლის შემდეგ, ჯენსონ ბატონმა განაცხადა, რომ „მაკლარენ-ჰონდას“ ბოლიდი „ძალიან საშიში“ სამართავია. განსაკუთრებით კი ის რბოლის პირველ 30 წრეს გამოჰყოფს, რომლებსაც თავისი ცხოვრების „ყველაზე საშიშ 30 წრედ“ მოიხსენიებს. საბოლოოდ, მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონმა ასპარეზობა მე-16 ადგილზე დაასრულა.

არადა, ესპანური დიდი პრიზის დაწყებამდე, ის და ფერნანდო ალონსო ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი. ესპანელი პირველი ქულების აღებასაც კი ვარაუდობდა, თუმცა რბოლა მუხრუჭების პრობლემების გამო შეწყვიტა. ბატონმა ამჯერად ფინიშს კი მიაღწია, თუმცა მხოლოდ აშკარა აუტსაიდერ „მენორის“ ორი პილოტი ჩამოიტოვა.

„პირველი 30 წრე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იყო. მანქანის უკანა ნაწილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ყოველთვის, როცა აქსელერატორის სატერფულს ვეხებოდი, ნებისმიერ სიჩქარეზე, უკანა ნაწილი არ მემორჩილებოდა. ეს არანორმალურია. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ თითქოს უკანა ნაწილი წინასთან არც იყო დაკავშირებული. ქარის ყოველ წამობერვაზე მანქანას ძლიერ აქანავებდა. რბოლის პირველი ნაწილი საშინელება იყო. ახალმა საბურავებმა საქმე ცოტა გამოასწორა“, – ამბობს ბატონი.

Petronas-Sponsor

ის ვერ ამბობს, რისი ბრალი იყო მანქანის ასეთი მოქცევა – მისი არასწორი დარეგულირების, თუ მექანიკური გაუმართაობის. „ამ რბოლის შემდეგ, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ავიღოთ ქულები. იმედი მაქვს, რომ ეს უიღბლო დღე იყო. საერთო ჯამში, სარბოლო უიკენდი ცუდად არ დაწყებულა, მაგრამ რბოლის წინ თითქოს რაღაც გადაირთო და მანქანა შეიცვალა“, – დასძენს ბატონი.

ალონსო ერთ მომენტში მეშვიდე ადგილზეც კი იყო – ის განსხვავებული სტრატეგიით ასპარეზობდა, მაგრამ სამწუხაროდ, მუხრუჭებმა უმტყუნა. ის გარაჟში შევიდა, რათა მანქანა იქ გაეჩერებინა, მაგრამ ბოლო მომენტში თავის სადგომს გასცდა. ბედად, მისმ მექანიკოსებმა დროულად მოასწრეს გზიდან ჩამოცლა და ტრავმებს გადაურჩნენ.

„ძალიან სახიფათო მომენტი შეგვექმნა. გაჩერების სრული წრე მუხრუჭების გარეშე გავიარე. პიტსტოპისთვის კი მუხრუჭები საერთოდ გაქრა. სანამ გაჩერებას გადავწყვეტდი, პირველ მოსახვევს ავცდი. ამის შემდეგ ვფრთხილობდი, თუმცა მუხრუჭები ძალიან სწრაფად გამოვიდა მწყობრიდან. და პიტსტოპისას, მუხრუჭები საერთოდ აღარ მქონდა. ბიჭები ძალიან შეშინდნენ და ბედად, არავინ დაშავდა. მათ ძალიან სწრაფად მოახდინეს რეაგირება“, – ამბობს ალონსო და დასძენს, რომ მუხრუჭების დაზიანება რომ არა, ქულების აღება რეალური იყო.

Petronas-Sponsor-Footer