მაშნ, როცა ლამბორგინი კრაისლერის ჯგუფში შედიოდა, ფორმულა 1-ის ძრავების წარმოებას მიჰყო ხელი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მისი აგრეგატი საშუალოზე სუსტი გუნდების (მინარდი, ლოლა, ლარუსი) ბოლიდებზე იდგა. მაგრამ ერთხელ, კერძოდ კი 1993 წლის სექტემბერში, სანტ-აგატა ბოლონეზელთა აგრეგატი თვით აირტონ სენას მაკლარენ MP4/8B-ზე დაამონტაჟეს…

იმ სეზონში უოკინგელები ფორდის აგრეგატით სარგებლობდნენ, თუმცა ცისფერ ოვალს მთავარ პარტნიორად ბენეტონი ჰყავდა. „ფორდ კოსუორტის“ ძრავი აშკარად ვერ უწევდა კონკურენციას რენოსას და მაკლარენიც ძრავების მიმწოდებელ სხვა კომპანიას ეძებდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა ალტერნატივა ლამბორგინის სახით – „კრაისლერის“ აღმასრულებელს ბობ ლუცს ჰქონდა იმის ამბიცია, რომ იტალიური მარკა, „ფერარის“ ღირსეულ კონკურენტად, დიდი პრიზების ცირკშიც ექცია.

Lamborghini 3512 V12

ლუცმა და რონ დენისმა შეთანხმებას მიაღწიეს. „მაკლარენმა“ შუა სეზონში MP4/8-ს მოდიფიკაცია ჩაუტარა (რასაც სამი თვე დასჭირდა, რადგან V12 ძრავს, კოსუორტის V8-ს ადგილი უნდა დაეკავებინა) და მასზე „ლამბორგინის“ V12 აგრეგატი დააყენა. ოღონდ, ტესტებისთვის ძრავს „კრაისლერის“ წარწერა ამშვენებდა. „ლამბოს“ ძრავით აღჭურვილი „მაკლარენ MP4/8B“ ტრეკზე პირველად სილვერსტოუნზე, 20 სექტემბერს გამოვიდა. საჭესთან ლეგენდარული ბრაზილიელი იჯდა.

სენამ ძრავის სახელოვან კონსტრუქტორს, მაურო ფორგიერის სთხოვა, რომ აგრეგატის ბრუნთა რიცხვი ოდნავ შეემცირებინა და საშუალო ბრუნვებზე მახასიათებლების გაუმჯობესებაზე ეზრუნა. ფორგიერი კარგა ხანს „ფერარიში“ მუშაობდა, მაგრამ 1987 წელს, მარანელო დატოვა და მაშინვე, „კრაისლერის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა ლი იაკოკამ „ლამბორგინიში“ მიიწვია, სადაც პირველ რიგში, სწორედ ფ1-ის ძრავი შეიმუშავა.

Ayrton Senna (BRA) tests a McLaren MP4/8 fitted with a Chrysler / Lamborghini V12 engine, which the team is evaluating as a possible engine for the following season. Formula One Testing, Estoril, Portugal, 27-29 September 1993.

სენას მიერ მოთხოვნილი მოდიფიკაციების შემდეგ, „ლამბორგინი 3512-ის“ სიმძლავრემ 750 ცხენის ძალა შეადგინა, რაც „ფორდ კოსუორტისაზე“ 70 ცხენის ძალით მეტი იყო. ამასთან, აგრეგატმა უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა, ვიდრე „ლარუსის“ ბოლიდზე. სენამ პირველივე ტესტებზე განცხადა, რომ ამ ძრავით აღჭურვილი MP4/8B გაცილებით უკეთესი სამართავი იყო და საბურავების პოტენცალის უფრო (კოსუორტის ძრავით აღჭურვილ MP4/8-თან შედარებით) ეფექტურად გამოყენების საშუალებასაც იძლეოდა.

სილვერსტოუნზევე, მოდიფიცირებული ავტომობილი, გუნდის მაშინდელმა ტესტ პილოტმა მიკა ჰაკინენმაც გამოსცადა და მან „კოსუორტის“ ძრავით აღჭურვილ MP4/8-თან შედარებით, თავისივე დრო წამით გააუმჯობესა! მიუხედავად იმისა, რომ „ლამბოს“ ეს აგრეგატი საიმედობით არ გამოირჩეოდა, სენამ დენისს ჰკითხა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, მისი სეზონის ბოლო ეტაპებზე, იაპონიაში და ავსტრალიაში გამოყენება. ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო. ის ორი რბოლა ბრაზილიელმა „ფორდ კოსუორტის“ ძრავითაც მოიგო, თუმცა ჩემპიონი ალენ პროსტი გახდა, რომელმაც იაპონურ ეტაპამდე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

სენას ინდიქარის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „პენსკე“ თავისთან ეპატიჟებოდა – ბრაზილიელმა შუა სეზონში ამერიკული ბოლიდიც გამოსცადა და ძალიან მოეწონა. მაგრამ უფრო მეტად, მეოთხე ტიტული სწყუროდა, რადგან სწორედ ამდენს ითვლიდა მისი მთავარი მეტოქის, ალენ პროსტის მიღწევათა გალერეა. და მან სწორედ პროსტის წასვლის შემდეგ, ჩემპიონ „უილიამსში“ გადასვლა ამჯობინა. „მაკლარენმა“ კი, აშკარად პერსპექტიული „ლამბორგინის“ მაგივრად, შემდეგი სეზონისთვის, „პეჟოს“ ძრავი „გამოიწერა“. არადა, „ლამბორგინი“ უფრო გამძლე, კომპაქტურ და მსუბუქ ძრავს პირდებოდა…

მომდევნო სეზონში, „პეჟოს“ V10 ძრავით (მაკლარენ MP4/9), ჰაკინენმა და მარტინ ბრანდლმა ერთი რბოლის მოგებაც ვერ შეძლეს, იმავე სეზონის ბოლოს კი უოკინგელებმა ახალი პარტნიორი იშოვნეს „მერსედესის“ სახით. თავიდან არც ამათთან ერთად აეწყო კარგად საქმე, თუმცა მალე „მაკლარენ-მერსედესი“ დაუმარცხებელ ძალად გადაიქცა. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

„კრაისლერმა“ კი, ფ1-ში ფეხის მოკიდება რომ ვერ შეძლო, „ლამბორგინი“ ინდონეზიელ ბიზნესმენთა ჯგუფს მიჰყიდა. საბოლოოდ კი სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში ამოჰყო თავი.