მიუხედავად იმისა, რომ „მაკლარენ-ჰონდა“ ჯერაც შორსაა ლიდერებისგან, ფერნანდო ალონსო იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ მისი აზრით, სხვებზე მეტად, „მერსედესის“ დამარცხების ყველაზე მეტი შანსი სწორედ მის გუნდს აქვს.

გასულ სეზონთან შედარებით, „მაკლარენმა“ გაცილებით გაიუმჯობესა მდგომარეობა. მართალია, პირველ რვა რბოლაში მხოლოდ 24 ქულა აქვს მოგროვილი, მაგრამ ეს მხოლოდ სამით ნაკლებია ქულათა იმ მარაგზე, რომლებსაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში მოუყარა თავი. თუმცა ახლახანს, მონრეალში და ბაქოში გამართული რბოლები უქულოდ დაასრულა.

მაგრამ ალონსო „მაკლარენში“ ერთადერთი არაა, ვისაც თავისი გუნდის წარმატების სჯერა. უოკინგელთა შეფ რონ დენისს არაერთხელ უთქვამს, რომ „მაკლარენ-ჰონდას“ სხვებზე გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს სამქიმიანების დასამარცხებლად.

shell-for-web

სწრაფ ტრასებზე „ჰონდას“ ძალური დანადგარის არასაკმარისი კონკურენტულობის მიუხედავად, ალონსოს ოპტიმიზმი ურყევია: „არის რბოლები, რომლებშიც გრძელ სწორ მონაკვეთებზე გვიჭირს მეტოქეებთან პაექრობა, არის რბოლები, სადაც კონკურენცია შეგვიძლია. მაგრამ საერთო ჯამში, გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. მერსედესის შემდეგ, მოწინავე პოზიციას ვიღაც გადაიბარებს და თუ გუნდებს და ძრავების მწარმოებლებს გადავხედავთ, არ მგონია, ვინმეს ამისათვის მაკლარენ-ჰონდაზე მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს. ჯერ აქამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ არ მგონია, ვინმე ჩვენზე ბევრად უკეთ ვითარდებოდეს“.

ალონსოს თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი ამბობს, იმავე ბაქოში, ბოლიდს გაუმჯობესების იმედისმომცემი ნიშნები დაეტყო. იქ კვალიფიკაციაზე მას მხოლოდ მე-19 დრო ჰქონდა, თუმცა რბოლის განმავლობაში, მე-11 ადგილამდე დაწინაურდა.

„რბოლისთვის მანქანა ისე მოვმართეთ, რომ სწორზე ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონოდა. ამით ჩაჭიდება უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მოსახვევებში მაინც კარგად იდგა. და ეს აშკარა პოზიტივია. რბოლიდან რბოლამდე პროგრესი აშკარაა. ყველა კომპონენტში გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ბაქო ყველაზე უარესი ტრასაა იმისათვის, რომ ჩვენი პროგრესი შესამჩნევი ყოფილიყო, რადგან მას ძალიან გრძელი სწორი მონკვეთი აქვს. და ჩემი შედეგი არ იყო ძალიან გულდასაწყვეტი. ქულა ვერ ავიღეთ, მაგრამ ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ, რაც აუცილებლად გამოგვადგება. შემდეგი ტრასა (რედ ბულ რინგი, ავსტრია) გაცილებით დაბალანსებული უნდა იყოს. ცოტა უცნაური ტრეკია, მაგრამ გაცილებით დაბალანსებული, რაც ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება“.

content-banner