ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ცალია დამზადებული და ბუნებრივია, ყოველთვის ავტო კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს. საინტერესოა, რომ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი აუქციონზე გასაყიდად არ გააქვთ. შუამავლის როლში თვით „მაკლარენი“ გამოდის, რაც იშვიათი შემთხვევაა. ფასი არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ ახლანდელმა მფლობელმ, მასში ბონჰემსის აუქციონზე (2012 წელს) 13 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ეს ეგზემპლარი იმითაცაა მიმზიდველი, რომ F1 GTR-ის ბოლო ეგზემპლარია. თანაც, „გალფის“ ფორმაშია გამოწყობილი, რაც ასევე იზიდავს კოლექციონერებს. დაკიდევ, ამ სარბოლო ავტომობილს თავის დროზე, სპონსორობას გადაცემა „ტოპ გიარი“ უწევდა. „მაკლარენი“ ამ ავტომობილის ახლანდელი მფლობელის ვინაობას არ ამხელს.

McLaren-F1-25

საინტერესოა „F1 GTR ლონგტეალის“ ისტორია. საერთოდ, „მაკლარენს“ თავისი ლეგენდარული F1 რბოლებისთვის არ შეუქმნია. ეს გასაკვირია, რადგან უოკინგელთა ისტორია პირველ რიგში, სწორედ რბოლებს უკავშირდება. თანაც, ავტომობილის შემუშავებისას, სწორედ რბოლებში დაგროვილი უზარმაზარი გამოცდილება გამოიყენეს.

ასე იყო, თუ ისე, F1-ის მოდიფიცირებულმა ვერსიამ, 1995 წლის ლე მანის რბოლა მოიგო. მაგრამ მალე FIA-მ (საერთაშრისო საავტომობილო ფედერაცია) სერია BPR გლოუბლ GT (რომელშიც „სტანდარტული“ F1 GTR-ი ასპარეზობდა) გააუქმა და ახალ, FIA GT-ს ჩემპიონატს ჩაუყარა საფუძველი. შეიცვალა ტექნიკური და სპორტული რეგლამენტი, რაც მოითხოვდა, რომ მწარმოებლებს, რბოლებში მონაწილე ავტომობილები, გარკვეული რაოდენობით უნდა დაემზადებინათ. სხვა შემთხვევაში, სარბოლო ავტომობილი ჰომოლოგაციას ვერ გაივლიდა.

McLaren-F1-22

ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, „მერსედესმა“ CLK-GTR-ს სარბოლო ვერსია გამოუშვა, „პორშემ“ კი – GT1-ის. მათ არც „მაკლარენი“ ჩამორჩა, რომელმაც „F1 GTR ლონგტეალი“ შეიმუშავა. ჰომოლოგაციის მისაღებად, ბრიტანულმა კომპანიამ ამ ავტომობილის სამი საგზაო ვერსიაც გამოუშვა. ამგვარად, მის ისტორიაში, ეს ყველაზე იშვიათი ავტომობილია. თუმცა, სარბოლო ვერსიებიც ისეა გაკეთებული, რომ მათი საგზაო ექსპლუატაციისთვის მოდიფიცირება სირთულეს არ წარმოადგენს.

ცნობისათვის, „მაკლარენ F1 GTR ლონგტეალი“, სტანდარტულ GTR-ზე 135 კილოგრამით მსუბუქია და 915 კილოგრამს იწონის. ავტომობილი აღჭურვილია „ბეემვეს“ წარმოების, 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალაა. ამგვარად, ავტომობილი სიმძლავრისა და წონის შესაშური ფარდობით გამოირჩევა…