McLaren-მ მოკლე დროში მოახერხა სუპერ ავტომობილების ბაზარზე დამკვიდერება. რა თქმა უნდა, ამაში ფორმულა 1-ის გამოცდილება დაეხმარა. მაგრამ ასეთი დონის კომპანიაც კი, ისეთ ავტომობილებს აწარმოებს, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ. ამას ბაზარი და კონკურენციის სიმკაცრე განაპირობებს. არადა იყო დრო, როცა მის სუპერ ავტომობილ F1-ს მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვებოდა. მას მარანელოში წარმოებული სუპერებიც ვერ ედრებოდნენ.

იმისათვის, რომ თავისი კლიენტის განსაკუთრებული სურვილები დააკმაყოფილოს და მათტვის სპეცალური პროექტებიც კი შეიმუშაოს, უოკინგურმა კომპანიამ სპეციალური ოპერაციების დივიზიონი Special Operations-ი შექმნა. სწორედ ეს დივიზიონი ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელსაც Hyper-GT-დ მოიხსენიებენ და რომელიც F1-ის მსგავსად, სამადგილიანი ჰიპერ ავტომობილის შემუშავებას ითვალისწინებს. პროექტის კოდური სახელწოდებაა BP23.

ახალი ავტომობილის მთავარი თავისებურება, მის კაბინაში სამი სავარძლის განლაგებაა. სწორედ ასეთი იყო F1, რომლის მსგავსად, BP23-ზეც პილოტის სავარძელი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს, ორი სავარძელი კი მის ორივე მხარეს და უკან განლაგდება. კოკპიტში შესვლის და იქიდან გადმოსვლის გასაადვილებლად, ორივე კარი ელექტრო ამწევით აღიჭურვება და ისინი სახურავის ნაწილსაც მოიცავს. ავტომობილი ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება.

ბრიტანული კომპანია თავისი ახალი ჰიპერ ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა წინდაწინ აცხადებს, რომ ასეთს მხოლოდ 106 ცალს დაამზადებს და ყველა მათგანზე კლიენტებისგან უკვე მიღებული აქვს წინასწარი შეკვეთა. ამ ჰიპერ ავტომობილის მიწოდება 2019 წელს უნდა დაიწყოს.