McLaren Automotive და BMW ერთობლივად შეიმუშავებენ შიდაწვის ძრავების ახალ ტექნოლოგიას. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ახალ ძრავებს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ექნება, რაც მაღალი სიმძლავრიტ და საწვავის მცირე ხარჯით უზრუნველყოფს. პარალელურად, შემცირდება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა.

ახალ ტექნოლოგიას ორივე კომპანია საკუთარი ძრავების შემუშავებისას გამოიყენებს. „მაკლარენის“ ავტომობილებზე ასეთი ძრავები 2020 წლიდან უნდა გამოჩნდეს. პროექტში სხვა მხარეებიც მონაწილეობენ. მას ნაწილობრივ აფინანსებს ბრიტანეთის მთავრობის „მოწინავე ამძრაობის ცენტრი“. McLaren-თან ერთად, პროექტში ასევე მონაწილეობს მისი პარტნიორი კომპანია Ricardo, რომელიც ბრიტანული კომპანიის სუპერ ავტომობილებისთვის ამზადებს ძრავებს. პარტნიორობა სხვა კომპანიებსაც აერთიანებს. მათ შორის იქნება Lentus Composites-ი, რომელიც კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ სტრუქტურებზეა სპეციალიზებული.

პროექტის ღირებულება 28 მილიონი გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 32.5 მილიონი ევრო). აქედან ნახევარს ბრიტანეთის მთავრობა გაიღებს, დანარჩენ ნახევარს კი McLaren-ი და BMW გაინაწილებენ. ამასთან ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ორივე კომპანია თავის ძრავებს დამოუკიდებლად შეიმუშავებს და აწარმოებს.

რაც მთავარია, McLaren-ის და BMW-ს პარტნიორობა არ გავრცელდება სარბოლო სფეროზე. ფორმულა 1-შ უოკინგელები Honda-ს ძრავებით სარგებლობას გააგრძელებენ. სხვა სერიებში კი ახალი ტექნოლოგიით შემუშავებული ძრავებით აღჭურვილ, სერიული ავტომობილების სარბოლო ვერსიებით იასპარეზებენ.

შეგხსენებთ, რომ სწორედ ბავარიული V12 ძრავით იყო აღჭურვილი McLaren-ის პირველი სუპერ ავტომობილი F1 (ფოტოზე).