ბრიტანულ საავტომობილო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, McLaren-ი ახალ სუპერ ელექტრომობილზე მუშაობს, რომელსაც თავისი ერთგული ხუთი კლიენტისთვის ამზადებს. სამუშაოები ბრიტანული კომპანიის ექსკლუზიური პროექტების პროგრამა Ultimate Series-ის ფარგლებში მიმდინარეობს. ინფორმაცია არაოფიციალურია და მისი წყარო, კომპანიის თანამშრომელია.

McLaren-ს ჯერ ელექტრომობილი არ გამოუშვია, მაგრამ ამ სფეროში ახალბედაც არაა. საქმე ისაა, რომ უოკინგელებმა სარბოლო სერია ფორმულა E-ს ავტომობილებისთვის, ელემენტების სრულიად ახალი ბლოკი შეიმუშავეს, რომლის გამოყენებასაც გუნდები მომავალი სეზონიდან დაიწყებენ. ეს ბლოკი ენერგიის გაზრდილი ტევადობით არის გამორჩეული – თუ ამჟამად გამოყენებაში არსებული ბლოკები ნახევარ რბოლას ყოფნის და ამის გამო, რბოლისას პილოტებს მანქანის გამოცვლა უწევთ, ახალი ბლოკით სრული დისტანციის გავლა გახდება შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, McLaren-ი ელემენტების ახალ ტექნოლოგიას საკუთარი სუპერ ელექტრომობილებისთვისაც გამოიყენებს. იმავე ინფორმაციის წყაროს ცნობით, კომპანია სერიულად ელექტრომობილს მას შემდეგ გამოუშვებს, რაც თავისი არსებული მოდელების ჰიბრიდიზაციის პროცესს დაასრულებს. ეს კი დაახლოებით 2022 წელს მოხდება.

საინტერესოა, რომ მსგავსი მოდელის შექმნას არ ჩქარობს McLaren-ის პრინციპული (ფორმულა 1-შიც კონკურენტები არიან) კონკურენტი Ferrari, რომელიც არ მალავს, რომ მისი სუპერ ელექტრომობილი ბაზარზე, მინიმუმ უახლოეს ათ წელიწადში არ გამოვა. მართალია, Lamborghini-ს ხელი მიუწვდება VW-ის ჯგუფის ელექტრულ ტექნოლოგიებზე, თუმცა ამ მიმართულებით გააქტიურებას არც სანტ’აგატა ბოლონეზელები ჩქარობენ.